Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი ჰერტასთან ფეხბურთელების გაცვლას განიხილავს

ბიანკონერიმ ჰერტა ბერლინს ფეხბურთელების გაცვლის წინადადებით მიმართა. ბიანკონერი მზად არის კშიშტოფ პიატეკის იჯარის სანაცვლოდ გერმანელებს ფედერიკო ბერნარდესკის იჯარა შესთავაზოს.

ბებერი ქალბატონი სათადარიგო შემტევის ძიებაშია, თუმცა ფინანსური კრიზისის ფონზე ფულის დახარჯვას არ აპირებს და ტრანსფერში ისეთი ფეხბურთელის ჩართვა სურს, რომელიც პირლოს გეგმებში აღარ შედის.

პიატეკს სერია ა-ში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. ფეხბურთელმა ჯენოაში შესანიშნავი სადებიუტო სეზონი ჩაატარა და 19 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა, რითიც მილანის ყურადღება მიიბყრო და როსონერიმ მის სანაცვლოდ 36 მილიონი ევრო გადაიხადა.

პიატეკმა მილანში სტაბილურად თამაში ვერ მოახერხა და ერთ სეზონის შემდეგ როსონერიმ 36 მილიონად ნაყიდი ფეხბურთელი 24 მილიონად ჰერტაში გაუშვა.

Tuttojuve-ს ინფორმაციით, გუნდები ჯერჯერობით მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე არიან, თუმცა ერთი რამ ფაქტია, იუვე ბერნარდესკის გაშვებას ცდილობს და მის ჩართვას სხვადასხვა ტრანსფერში განიხილავს.