Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსმა ინგლისური გუნდები უარით გაისტუმრა

Tuttojuve-ს ინფორმაციით, ევერტონმა და ტოტენჰემმა იუვენტუსის 22 წლის უკანახაზელის, მერიჰ დემირალის სანაცვლოდ ტურინელებს 27 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა ბიანკონერიმ ორივე წინადადება უყოყმანოდ დაბლოკა.

იუვეს ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ფეხბურთელს ხელშეუხებლად მიიჩნევს. ჯორჯო კიელინის (36) და ლეონარდო ბონუჩის (33) ასაკის გათვალისწინებით, ტურინელები დე ლიხტის მომავალ მეწყვილედ სწორედ თურქ ფეხბურთელს მიიჩნევენ და მასთან დამშვიდობებას არ აპირებენ.

განსხვავებული სიტუაციაა დანიელე რუგანისთან დაკავშირებით. პირლო არც იტალიელი უკანახაზელის გუნდში დარჩენაზეა წინააღმდეგი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ის დაცვის ცენტრში მე-5 არჩევანია, შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში იუვე რუგანის აუცილებლად გაყიდის.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ვალენსიამ ფეხბურთელის იჯარით აყვანა მოინდომა, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა ტურინელები ფეხბურთელს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდიან, თუ დაინტერესებული მხარე ფულს დაუყოვნებლივ გადაიხდის.