Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კანავარო:“ იტალიას მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატის მოგება შეუძლია“

ლეგენდარულმა ფაბიო კანავარომ აძურის ამიციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბონუჩი-კიელინის დუეტს ლუკაკუს შეჩერება შეუძლიათ.

ბელგია იტალიის ნაკრებს 2 ივლისს დაუპირისპირდება.

„ჰგავს თუ არა ეს იტალია 2006 წლის გუნდს ? გთხოვთ, წარსულთან შედარებებს თავი დავანებოთ. ეს იტალია მხოლოდ დღევანდელ იტალიას ჰგავს. ისინი ვითარდებიან, ფეხბურთელები და მწვრთნელები კი უნიკალურ ჯგუფს ქმნიან, თუმცა ერთი რამ ნათელია, მათ როგორც ევროპის, ასევე მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეუძლიათ.

„მე მომწონს იტალიის თამაშის სტილი და მათი ნაჩვენები შედეგები. 31-მატჩიან წაუგებელ სერიას შემთხვევით ვერ მიაღწევ. ახლა გუნდი გზაჯვარედინზეა და იმედი მაქვს, რომ აძური სანახაობრივი ფეხბურთის თამაშს გააგრძელებს, მაგრამ ეს შედეგის დადებას ხელს არ შეუშლის.

„დაძაბულობა იზრდება და ყველაფერი შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს, ამიტომ ყველაფერთან ერთად ცოტა იღბალიც გვჭირდება.

„თეორიულად ჩვენ გაგვიმართლებდა, თუ ბელგიას დე ბრუინი და აზარი არ ეყოლებოდათ, მაგრამ ჩვენ გეგმებს ამ იმედებით ვერ შევადგენთ, იტალია ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ დე ბრუინი თავისი მოედნის ხედვის და ხარისხის გამო მსოფლიოში საუკეთესოა.

„მის გარდა, უნდა ვუფრთხილდეთ ვიტსელს, რომელსაც მე ტიანჯინის რიგებში ვწვრთნიდი და მერწმუნეთ, ის სრულყოფილი ნახევარმცველია.

„ლუკაკუ ? კიელინიმ და ბონუჩიმ უკვე დაგვანახეს, რომ ის შეუჩერებელი არ არის. მას სივრცე მაქსიმალურად უნდა შევუზღუდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში რომელუს შეჩერება გაჭირდება.”