Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კატასტროფული სატრანსფერო ფანჯარა სერია ა-სთვის…

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მომენტისთვის სერია ა-მ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაცილებით მეტი დაკარგა, ვიდრე შეიძინა.

ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ტრიუმფის შემდეგ ბევრი ვარაუდობდა, რომ სერია ა ძველ სიმაღლეებს დაუბრუნდებოდა და გამორჩეული ვარსკვლავებისთვის კვლავ მიმზიდველ ჩემპიონატად იქცეოდა, თუმცა როგორც ჩანს ყველა ასე არ ფიქრობს და კალჩო არაერთმა გამორჩეულმა ვარსკვლავმა დატოვა.

ჯანლუიჯი დონარუმა

იტალიისთვის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაკარგი ჯანლუიჯი დონარუმაა. აძურის ნაკრების ფეხბურთელმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მილანი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და პსჟ-ს შეუერთდა.



აშრაფ ჰაკიმი

კიდევ ერთი დიდი დანაკარგი ქალაქ მილანისთვის აშრაფ ჰაკიმი გახდა, რომელმაც ინტერის რიგებში გატარებული 1 სეზონის მიუხედავად, ქომაგებს თავი შესანიშნავი თამაშით დაამახსოვრა. ფინანსური კრიზისის გამო ინტერმა 22 წლის ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც 1 წლის წინ 40 მილიონი ევრო გადაიხადა, პსჟ-ში 71 მილიონად გაუშვა.



როდრიგო დე პაული

დე პაული შესაძლოა ჰაკიმისა და დონარუმას კალიბრის ვარსკვლავად არ მოიაზრება, თუმცა ის ბოლო წლებში სერია ა-ს ერთ-ერთ საუკეთესო გამთამაშებლად მოიაზრება. არგენტინელმა ფეხბურთელმა უდინეზეს რიგებში 5 წელი გაატარა, 184 მატჩში 34 გოლი  გაიტანა და 36 საგოლე გადაცემა გააკეთა. ატლეტიკომ დე პაული მხოლოდ 35 მილიონის სანაცვლოდ გაიფორმა, რაც დღევანდელი ფასების გათვალისწინებით საკმაოდ მწირი თანხაა…

epa09321841 Rodrigo de Paul of Argentina celebrates a goal during the Copa America 2021 quarterfinals soccer match between Argentina and Ecuador, at the Pedro Ludovico Teixeira Olympic Stadium in Goiania, Brazil, 03 July 2021. EPA-EFE/Alberto Valdes



კრისტიან რომერო

ტოტენჰემსა და ატალანტას შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, სერია ა გასული სეზონის კიდევ ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა კრისტიან რომერომ დატოვა. 23 წლის უკანახაზელი, რომელიც გასული სეზონის საუკეთესო ცენტრალური მცველი გახდა, ტოტენჰემს 55 მილიონ ევროდ შეუერთდა.



რომელუ ლუკაკუ

ბოლოს კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრანსფერი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არა მხოლოდ სერია ა-ს, არამედ მთელი საფეხბურთო სამყაროს მასშტაბით. რომელუ ლუკაკუმ იტალია უკვე დატოვა და ჩელსიში მისი ტრანსფერის გაოფიციალურება მხოლოდ დროის საკითხია. კონტეს და ჰაკიმის დაკარგვის შემდეგ, ნერაძური ფინანსური კრიზისის გამო გასული სეზონის სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელს 115 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაკარგავს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ ტიტულის დაცვა ძალიან გაუჭირდებათ.