Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კაუსიო:“ დიბალას რონალდუსთან და მორატასთან ერთად თამაში შეუძლია“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა, ფრანკო კაუსიომ პაულო დიბალაზე ისაუბრა.

„დიბალა ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მას თამაშების მოგება მარტოს შეუძლია. ის სულ სხვა დონეზეა და იცის, თუ როგორ უნდა გადაწყვიტოს თამაშის ბედი. მისი სათამაშო დროის ნაკლებობაზე ძალიან ბევრი დაიწერა, თუმცა აშკარა იყო, რომ მას გარკვეული ფიზიკური პრობლემები ჰქონდა, რომელიც უკვე მოაგვარა და მოედანზე დასაბრუნებლად მზად არის.

„თავისი ჯადოსნური მარცხენა ფეხით მას ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლია გატანა, როგორც ტრეკვარტისტა და როგორც მეორე ფორვარდი, თუმცა ჩემი აზრით მისი ფლანგზე დაყენება შემტევ ტრიოში სწორი არ იქნება.

„რონალდუ ? მის შესახებ ბევრის საუბარი არ შეიძლება. ის შესანიშნავი პროფესიონალია. ასაკის მიუხედავად, მისი სხეული სრულყოფილია და მისი სურვილი, რომ ყველა მატჩში გაიმარჯვოს, ჯერ არ განელებულა. მოტივაცია ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია და ჩემი აზრით, მესისთან ერთად ის კვლავ საუკეთესოა. დიბალა, მორატა და რონალდუ ერთად შესანიშნავ ტრიოს შექმნიან.“

452 მატჩში 72 გოლის ავტორის აზრით, კიეზას დრო სჭირდება.

„მოუთმენლად ველოდები, თუ როდის გამოაჩენს თავის სრულ პოტენციალს კიეზა, თუმცა მას ამისთვის გარკვეული დრო დასჭირდება. ის ახლა ტოპ გუნდის შემადგენლობაშია, თამაშობს ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე და მისნაირი ტალანტი ასეთ გარემოში ძალიან მალე განვითარდება.

„პირლოს დანიშვნა ? ეს ძალიან დიდი რისკი იყო, თუმცა მას დიდ წარმატებას ვუსურვებ. მას კარგი იდეები და შესანიშნავი გუნდი ჰყავს, უბრალოდ ნდობა და დრო სჭირდება და ყველაფერი კარგად იქნება.“