Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კიდევ ერთი გამოცდა ტონალისთვის, ამჯერად ლიდერის როლში

ნელ-ნელა სანდრო ტონალი მილანში იმ თამაშის ჩვენებას იწყებს, რის გამოც მას იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტს და მომავალ პირლოსაც კი უწოდებენ.

დღეს როსონერი ევროპა ლიგაზე სპარტას შეხვდება და ჯგუფის მოგებას შეეცდება. H ჯგუფიდან მილანი და ლილი უკვე გასულები არიან, თუმცა პირველი ადგილის ბედი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. მილანს სპარტასთან გამარჯვება სჭირდება და იმედი უნდა იქონიოს, რომ ლილი სელტიკის დამარცხებას ვერ მოახერხებს.

როგორც სტეფანო პიოლიმ დააანონსა, დღეს მოედანზე მილანი გადახალისებული შემადგენლობით გავა. MilanNews-ის ინფორმაციით, სამპდორიასთან მატჩის შემდეგ როსონერის სასტარტო შემადგენლობაში დაახლოებით 11 ცვლილება მოხდება და ერთადერთი, რომელიც ძირითადში ადგილს შეინარჩუნებს, სანდრო ტონალი იქნება.

მილანის ბოლო 5 შეხვედრაში დღეს ტონალი სასტარტოდან მე-4 მატჩს დაიწყებს, თუმცა მისგან სპარტას წინააღმდეგ მილანის ხელმძღვანელობა, პიოლი და უბრალო გულშემატკივრები ლიდერის თვისებების გამოვლენას და სრულყოფილ მატჩს ელოდებიან.