Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიეზა:“ დღეს ჩვენ იუვენტუსის სული ვაჩვენეთ“

ფედერიკო კიეზამ, რომლის გოლის წყალობითაც იუვენტუსმა ჩელსი დაამარცხა, შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ფედერიკო კიეზა გახდა იუვენტუსის პირველი ფეხბურთელი ლეგენდარული ალესანდრო დელ პიეროს შემდეგ, რომელმაც ბიანკონერის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 4 მატჩში მოახერხა გოლის გატანა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან მძიმე თამაში გამოდგა. ჩელსი ბურთს შესანიშნავად აკონტროლებდა, მაგრამ დღეს ჩვენ მთელს მსოფლიოს იუვენტუსის ნამდვილი სახე, მისი სული დავანახეთ. მწვრთნელი ჩვენგან სწორედ ამას ითხოვდა და ბედნიერი ვარ, რომ მისი დავალება შევასრულეთ.

„ჩვენ დღეს მოვახერხეთ და ჩელსის მიერ დატოვებული სივრცეები კარგად ავითვისეთ. მართალია ბურთის ფლობა მათ უკეთესი ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი საგოლე მომენტი შევქმენით და გამარჯვება დავიმსახურეთ.

„ჩემპიონთა ლიგა დიდებული ტურნირია, აქ თამაში სრულიად განსხვავებული გრძნობაა, ახლა ამ გამარჯვებით უნდა დავტკბეთ, შემდეგ კი შაბათს ჩანიშნულ დერბიზე ვიფიქროთ, რომელიც კიდევ ერთი მნიშნელოვანი შეხვედრაა.

„გამოსწორდა თუ არა ჩემი ურთიერთობა ალეგრისთან ? მინდა გითხრათ, რომ ჩვენს შორის არანაირი პრობლემა არ ყოფილა, ეს მხოლოდ მედიის მიერ შექმნილი ჭორებია, მწვრთნელთან არანაირი პრობლემა არ მაქვს.

„იუვენტუსმა სეზონი არც თუ ისე კარგად დაიწყო და თქვენ, ჟურნალისტებს ეს ყველაფერი მოგწონთ, რადგან ბევრი სასაუბრო გაქვთ, მაგრამ გასახდელში სრული ჰარმონია სუფევს და ჩვენ დღეს დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერი გამოწვევისთვის ვართ მზად.

„ჩელსიმ დღეს მართლაც ძალიან ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, ისინი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები არიან და ამით ყველაფერია ნათქვამი, მაგრამ ჩვენ საჭირო ქულების აღება მოვახერხეთ და ეს გამარჯვება მენტალურადაც ძალიან დაგვეხმარება.”