Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კინი იუვენტუსში ბრუნდება

რამდენიმე გავლენიანი წყაროს ინფორმაციით, მოიზე კინის იუვენტუსში დაბრუნება ფაქტობრივად გადაწყვეტილია და გუნდები ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებენ.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, იუვენტუსმა ფეხბურთელისგან ტრანსფერზე მწვანე შუქი უკვე მიიღო და ახლა ევერტონთან ტრანსფერის ფორმულაზე მუშაობს.

იუვენტუსს კინის იჯარით აყვანა სურს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, ევერტონი კი მისი იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ სურს, რომ გამოსასყიდი პუნქტი სავალდებულო იყოს.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები აქტიურად გრძელდება და სავარაუდოდ კინის კონტრაქტში ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც თუ იუვე მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, 21 წლის იტალიელი ფორვარდის გამოსყიდვა სავალდებულო გახდება.

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, კინი ტურინში დღეს ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ბიანკონერის რიგებში ოფიციალურად დაბრუნდება, მაგრამ ჯერჯერობით კონტრაქტის ფინანსურ დეტალებზე არც ერთი წყარო არ საუბრობს.