Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კობოლი ჯილი:“ იუვეს სკუდეტოსთვის ბრძოლა გაუჭირდება, მაგრამ…“

იუვენტუსის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ მიმდინარე სეზონში იუვენტუსის შანსები შეაფასა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„სიმართლე რომ გითხრათ, ახლა იუვენტუსის თამაშების ყურება საკმაოდ მიჭირს, რადგან გუნდი არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურება, თუმცა აშკარაა, რომ ტურინელები თამაშიდან თამაშსამდე უმატებენ, ჩემპიონთა ლიგაზე კი შესანიშნავად გამოიყურებიან.

„ალეგრი ? ჩვენ მის სტილს უკვე კარგად ვიცნობთ, პრაგმატული, უფრო დაცვაზე ორიენტირებული ფეხბურთი, რომელიც ყოველთვის სანახაობრივი არ არის, თუმცა ის შედეგს ყოველთვის დებს. ვფიქრობ, რომ მაქსის გაშვება და სარი-პირლოს გუნდში მიყვანა უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.

„კიეზა ? დარწმუნებული ვარ, რომ ის მაქსის სქემასაც ისევე მოერგება, როგორც ეს პირლოს დროს გააკეთა, რადგან ფედერიკოს წარმოუდგენელი ტალანტი აქვს და შეუძლებელია, თავისი შესაძლებლობების გამოვლენაში მას რამემ ხელი შეუშალოს. ვფიქრობ, რომ როგორც კიეზა, ასევე კინი ალეგრის დახმარებით პოტენციალს სრულად გამოავლენენ.

„რონალდუს გუნდიდან წასვლა ? კიელინიმ სწორად აღნიშნა, რომ თუ მას გუნდის დატოვება სურდა, ეს უფრო ადრე უნდა გაეკეთებინა. მე რონალდუს გაფორმებას ყოველთვის შეცდომად ვთვლიდი. ის დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ მისი გაფორმება და ხელფასი გუნდს ზედმეტად ძვირი დაუჯდა. მართალია მან უამრავი გოლის გატანა შეძლო, მაგრამ თითოეული მისი გოლი გუნდს მილიონი უჯდებოდა. რა თქმა უნდა, კრიშტიანუს მოულოდნელი წასვლა გუნდისთვის შოკივით იყო, მაგრამ იუვენტუსს შეტევაში 3-4 უმაღლესი დონის ფეხბურთელი ჰყავს და ეს მათთვის პრობლემა არ იქნება.

„სკუდეტო ? იუვენტუსის ჩამორჩენა ლიდერებამდე 10 ქულაა. ეს საკმაოდ ბევრია, მაგრამ ჩვენ ჯერ მხოლოდ სეზონის სტარტზე ვართ და გამორიცხული არაფერია. იმედი მაქვს, რომ ალეგრის ბიჭები ჩემპიონთა ლიგაზე კარგ ფორმას შეინარჩნებენ და მაქსიმალურად შორს გავლენ.“