Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ინტერის მომავალი უნდა დავგეგმოთ ჩემთან, ან ჩემს გარეშე…“

ანტონიო კონტემ ევროპა ლიგის ფინალის წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა და გუნდიდან წასვლა არ გამორიცხა.

„ეს იყო ორი თანაბარი გუნდის  თამაში, რომელშიც მეორე ნახევრის ერთ ეპიზოდს მატჩის სულ სხვა გზით განვითარება შეეძლო და ამის მაგივრად ლუკაკუს უიღბლობის შემდეგ დავმარცხდით.

„სევილიას მეორე ნახევარში დაღლა ძალიან ეტყობოდა, რაც მათ პასებზე და მოძრაობაზე აისახა, თუმცა სამწუხაროდ ამის გამოყენება ვერ შევძელით. ინტერმა დღეს ყველაფერი გააკეთა, თუმცა იმ გამოცდილებამ, რაც სევილიას ამ წლების მანძილზე დაუგროვდა, გადამწყვეტი როლი ითამაშა.

„ჩემმა ბიჭებმა მთელი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ითამაშეს, ბევრი მსხვერპლი გაიღეს და განვითარდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის წელს პირველი ევროპული ტურნირი იყო, ფინალში გასვლა მაინც მოვახერხეთ და ძალიან კარგია, რომ ბევრმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა დიდი გამოცდილება მიიღო.

„ახლა ჩვენ მილანში დავბრუნდებით, 2-3 დღე დავისვენებთ და საღ გონებაზე მომავალზე ფიქრს დავიწყებთ. ჩვენ მთელი სეზონი უნდა შევაფასოთ და გუნდის შემდეგი ნაბიჯები დავგეგმოთ, იქნება ეს ჩემთან ერთად, თუ ჩემს გარეშე…

„რა მოხდება ჯერჯერობით ნამდვილად ვერ გეტყვით. ეს გამორჩეული და ძალიან დამღლელი სეზონი იყო და ახლა ყველას დასვენება გვჭირდება, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ.

„რაც არ უნდა მოხდეს, მე ინტერის მფლობელებს დიდ მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ ნერაძურის მთავარი მწვრთნელობის საშუალება მომცეს, ეს შესანიშნავი გამოცდილება იყო.“

ეს სიტყვები ისე ჟღერდა, თითქოს კონტე გუნდიდან წასვლას აპირებს?

„როგორც უკვე გითხარით, ჯერჯერობით ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. უნდა დავისვენო და ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონო. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გადაწყვეტილებას ერთიანად, ჰარმონიაში მივიღებთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.