Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტე:“ არ ველოდებოდი, თუ ინტერი ასეთი დომინანტი გახდებოდა…“

ანტონიო კონტემ პრეს-კონფერენცია არც იუვენტუსთან მატჩის წინ გამართა და Derby d’Italia-ს შესახებ კვლავ Inter TV-სთან ისაუბრა.

ანტონიო კონტეს მომავალი ნერაძურის რიგებში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კონტესა და სტივენ ჟანგის შეხვედრა უახლოეს დღეებშია ჩანიშნული, რომლის შემდეგაც მხარეები საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, იქამდე კი კონტე ჟურნალისტებთან საუბარს თავს არიდებს და ბოლო ორი კვირაა ინტერვიუს მხოლოდ გუნდის ოფიციალურ არხს აძლევს.

„სიმართლე რომ გითხრათ, ნამდვილად არ ველოდებოდი, რომ ძალთა ბალანსი ასე მალე შეიცვლებოდა და ჩვენ ასეთი დომინანტები გავხდებოდით და ამ შედეგის გამო მადლობა თითოეულ ინტერისტას ეკუთვნის.

„მე მიმდინარე სეზონშიც ისეთივე დაძაბულ ბრძოლას ველოდებოდი, როგორც ეს გასულ სეზონში იყო, მაგრამ ჩვენ სეზონის სტარტზე არჩეულ გზას დაუფიქრებლად მივყვებოდით და გზად შემხვედრ ყველა დაბრკოლებას ღირსეულად გავუმკლავდით.“

ხვალ იუვენტუსის მარცხის შემთხვევაში, ბიანკონერი ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩება.

„თითოეული თამაში 3 ქულის ტოლფასია და ინტერის ფეხბურთელებმა სწორედ ამაზე უნდა იფიქრონ. სეზონში 38 თამაშია და ჩვენ ყველა მათგანის მოგება უნდა ვცადოთ იმის მიუხედავად, თუ რა სიტუაციაა სატურნირო ცხრილში.

„სეზონის მსვლელობისას არის რამდენიმე მატჩი ძლიერი ოპონენტების წინააღმდეგ, რომელშიც შენი რეალური ძალის დანახვა შეგიძლია. პირველ წრეში იუვენტუსთან გამარჯვებამ ჩვენ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური მუხტი მოგვცა.

„ჩვენ დავამარცხეთ გუნდი, რომელიც სერია ა-ში 9 წლის განმავლობაში დომინირებდა და მაშინ მივხვდით, რომ ტიტულისთვის ბრძოლა შეგვეძლო.“