Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ გასულ სეზონთან შედარება არ შეიძლება“

ანტონიო კონტემ გლადბახთან მატჩის შემდეგ, რომელიც ფრედ, 2 – 2 დასრულდა, კომენტარი გააკეთა.

ინტერმა ჩემპიონთა ლიგაზე გასული სეზონის პირველ მატჩშიც ფრე ითამაშა, მაშინ ნერაძურის მეტოქე სლავია პრაღა იყო და საბოლოოდ კონტეს გუნდმა ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა.

„ამ ორ მატჩს ვერ შევადარებთ, რადგან სლავიასთან უბრალოდ ძალიან დიდი ჩავარდნა გვქონდა, დღეს კი ვუპირისპირდებოდით გუნდს, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი, ტექნიკური და ფიზიკური მონაცემები აქვს.

„საერთო ჯამში ბიჭებმა კარგად ითამაშეს, თუმცა არის გარკვეული კომპონენტები, რაზეც ბევრი სამუშაო გვაქვს.“

ტრავმების და კორონა ვირუსის შემთხვევების ფონზე, თავისი შანსი სასტარტო შემადგენლობაში კრისტიან ერიქსენმა მიიღო.

„როგორც მთელმა გუნდმა, ერიქსენმაც კარგად ითამაშა. მე მას ვთხოვე, რომ ბურთს უფრო მეტად გაფრთხილებოდა და მან ეს გააკეთა.

„ჩვენ უნდა ვცადოთ და თითოეულ შეხვედრაში მოედანზე ჩვენი მაქსიმუმი გამოვავლინოთ. ჰაკიმის ამბის გაგება მარტივი ნამდვილად არ იყო, ის დღეს სასტარტო შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო, თუმცა ჩვენ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ და ვერაფერს ვიზავთ.

„ბიჭებს ვუთხარი, რომ ყველა სიტუაციას მაღლა აწეული თავებით უნდა შეხვდნენ. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მარტივი არ ყოფილა, თუმცა მათ ყველას დაანახეს, რომ კარგი ფეხბურთელები და კარგი ადამიანები არიან.

„სამწუხაროდ დღეს სკამიდან თამაშის გაძლიერების ნაკლები შანსი გვქონდა. ბასტონიმ კორონა ვირუსის დამარცხების შემდეგ გუნდთან ერთად მხოლოდ 2-ჯერ ივარჯიშა, ბროზოვიჩს კუნთებთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა, სენსი კი ძალიან დაგვაკლდა. ნაინგოლანმა პირველად გუშინ ივარჯიშა.“

სასტარტო შემადგენლობაში ლაუტაროს ნაცვლად სანჩესი იდგა, თუმცა ტრავმის გამო ჩილელს ტაიმის შემდეგ გასვლა მოუწია.

„სანჩესის სიტუაცია სამედიცინო შტაბმა უნდა შეაფასოს. იმედი მაქვს, რომ მისი ტრავმა სერიოზული არ იქნება, რადგან გუნდის ლაზარეტი უკვე გადავსებულია, ჩვენ კი წინ დატვირთული კვირეები გველოდება.“