Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ ერიქსენს ბევრი შანსი ჰქონდა“

ანტონიო კონტემ ტორინოსთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ, 18:00 საათზე ჯუზეპე მეაცაზე გაიმართება, პრესკონფერენცია გამართა.

„ყოველთვის ვიძახდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც მე ვიღებ, გუნდის საკეთილდღეოდ არის მიღებული.

„ჩემი აზრით, ერიქსენს საკმარისი შანსი ჰქონდა. მას ბევრ სხვა ფეხბურთელზე მეტი დრო ეძლევა. იქნება თუ არა ხვალ ის მოედანზე ჯერ არ ვიცი, ამას ხვალ ნახავთ.

„შეუძლია თუ არა მას რეჯისტას პოზიციაზე თამაში ? არა. ერიქსენს ძალიან კარგი მახასიათებლები აქვს, მას ორივე ფეხით შეუძლია კარგად დარტყმა და დაცვის წინ მისი დაყენებით კრისტიანის ყველაზე ძლიერ მხარეს დაკარგავ.“

პადელი, ბროზოვიჩი და კოლაროვი კორონა ვირუსის გამო მატჩში მონაწილეობის მიღებას ვერ მოახერხებენ.

„ჩვენ გუნდში 3 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, მათ პინამონტი ემატება, სხვა ფეხბურთელები კი მზად არიან. სიტუაცია მარტივი არ არის და იმ გუნდებისთვის, რომლებიც ევროპულ ჩემპიონატებზე თამაშობენ, მდგომარეობა უფრო რთულდება, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ასეთ რეჟიმში თამაშს მივეჩვიოთ.

„ჩვენ ასეთ სიტუაციაში სეზონის ბოლოს ვიქნებით და ისღა დაგვრჩენია, რომ ვირუსის და ტრავმების ნაკლები შემთხვევები გვექნება.

„გუნდმა თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები კარგად იცის და ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რომ ინტერი უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს. რა თქმა უნდა, შედეგები შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ გუნდი ვერ დომინირებს და თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ შექმნილი მომენტები უკეთ გამოვიყენოთ, კარგ თამაშს შედეგებშიც ავსახავთ.“