Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტე:“ ეს მხოლოდ დასაწყისია“

ანტონიო კონტემ ლაციოს დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეხვედრის მიმოხილვის სანახავად დააკლიკეთ აქ.

„ეს იყო ჩვენი მიზანი, რასაც სეზონის სტარტიდან ვცდილობდით, რომ სერია ა-ს ლიდერები გავმხდარიყავით და ამას ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ მივაღწიეთ. მე ინძაგის და მის გუნდს ვულოცავ, რადგან მათ ძალიან ძლიერი და ორგანიზებული გუნდი ჰყავთ, რომელსაც დიდი ხარისხი გააჩნია.

„ფაქტი, რომ მათ ზედიზედ 6 მატჩში გაიმარჯვეს, ლაციოს სიძლიერეზე მეტყველებს, თუმცა ამავდროულად ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენ მენტალურად ძალიან ძლიერები ვართ.

„მე ბიჭების გამო ძალიან ბედნიერი ვარ და ეს უნდა იყოს საწყისი წერტილი და არა ფინიშის ხაზი. ჩვენ მომდევნო მატჩი მილანთან გვიწევს და იმ შეხვედრაში კიდევ უფრო უკეთ თამაში გვმართებს.

„ეს იქნება დიდებული დაპირისპირება გუნდებს შორის, რომლებსაც სერიოზული ამბიციები აქვს.“

რომელუ ლუკაკუ ნამდვილი ლიდერი იყო. მან ორი გოლი გაიტანა და მესამე გოლში უდიდესი წვლილი შეიტანა.

„რომელუმ და საერთოდ მთელმა გუნდმა ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა. ლაუტარომ, პერიშიჩმა, ბროზოვიჩმა და სხვებმა.

„კოპა იტალიას და რამდენიმე უსახური მატჩის შემდეგ, რომელუ ლუკაკუს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა და ზოგს ეგონა, რომ მას დერბიში მომხდარი კონფლიქტის გამო ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, თუმცა არის მომენტები, როდესაც შენ უბრალოდ 100 პროცენტით მზად არ ხარ.

„ახლა ის ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა და ჩვენ სწორედ ასეთი მონდომებული ლუკაკუ გვჭირდება.

„ერიქსენი ? ის ნელ-ნელა იწყებს იმის გაგებას, თუ რას მოვითხოვ მისგან და ბოლო ორი მატჩი ამის კარგი მაგალითია.

„ჩვენ ვიცით, რომ გუნდის მთავარი მიზანი გუნდის და მისი გულშემატკივრების გახარება და მათთვის სიამაყის გრძნობის მიცემა გახლავთ.

„კრისტიანს იტალიურ ფეხბურთთან შეგუება მართლაც გაუჭირდა, რაც გასაკვირი საერთოდ არ არის. სერია ა პრემიერ ლიგასთან შედარებით უფრო რთული და ტაქტიკურია, რასაც ბოლო წლებში საგრძნობლად მომატებული ინტენსიობა ემატება.

„საბედნიეროდ ახლა მას ტაქტიკური გადაწყვეტილებები და ჩვენი სისტემა უფრო კარგად ესმის და მას შეუძლია, რომ გუნდის წარმატებაში დიდი როლი ითამაშოს. ის ჩვენი დამატებითი იარაღია, რომლის იმედიც მე ყოველთვის მაქვს.

„პერიშიჩი ? ერიქსენის მსგავსად, გარკვეული დრო მასაც სჭორდებოდა, თუმცა ახლა მას როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში ძალიან კარგად შეუძლია თამაში.“