Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ ინტერი ახალი სეზონისთვის მზად არის“

ანტონიო კონტეს აზრით, ნერაძურის წინ ძალიან რთული სეზონი ელოდება, თუმცა გუნდი ამ სირთულეებთან გასამკლავებლად მზად არის.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიმუშავეთ და 3-კვირიანი მოსამზადებელი პერიოდით კმაყოფილი ვარ.

„ინტერმა გასული სეზონი ყველაზე გვიან დაასრულა, თუმცა ბიჭები მოედანს მონდომებულები დაუბრუნდნენ და სეზონის პირველ მატჩს მოუთმენლად ელოდებიან.

„უდაოა, რომ წინ ბევრად უფრო რთული სეზონი გველოდება, რადგან გულშემატკივარი ჩვენგან ყველა ფრონტზე ბოლომდე ბრძოლას ითხოვს და ეს ასეც უნდა იყოს.

„ამბიციები ? ჩვენ გასული სეზონი მე-2 ადგილზე დავასრულეთ და ევროპა ლიგის ფინალში ვითამაშეთ, თუმცა მიღწეულ შედეგებზე გაჩერებას არ ვაპირებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ინტერს ტიტულები შევმატოთ.

„სატრანსფერო ფანჯარა? კოლაროვმა და ვიდალმა გუნდს ის გამოცდილება შემატეს, რაც ინტერს გასულ სეზონში აშკარად აკლდა, ჰაკიმი კი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა ის უკვე შესანიშნავი ფეხბურთელია და გუნდს აუცილებლად გამოადგება.

„არ ვიცი, დავიმატებთ თუ არა ახალ ფეხბურთელებს, თუმცა ვიცი, რომ მაროტა შემადგენლობის გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს. გუნდში სრული ჰარმონია სუფევს და ჩვენ ერთმანეთის შესაძლებლობების ბოლომდე გვწამს.

„უთანხმოება ჩემსა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის ? მე ამას უთანხმოებას ვერ დავარქმევდი. ჩვენ გარკვეულ საკითხებში განსხვავებული ხედვა გვქონდა, რაც სავსებით ნორმალურია, თუმცა საბოლოოდ ყველაფერზე შეთანხმება მოვახერხეთ.

„ჩვენს შორის ყოველთვის კარგი დამოკიდებულება იყო და ეს ყოველთვის ასე იქნება. ორივე მხარემ მუშაობის გაგრძელების სურვილი გამოვთქვით და ამ თემაზე სათქმელი მეტი არაფერი მაქვს.

„როგორც უკვე გითხარით, წინ ბევრად უფრო რთული სეზონი გველოდება, თუმცა ჩვენ მზად ვართ.“