Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტე:“ ინტერი თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს“

ინტერმა ბოლო 11 წელიწადში პირველი, ისტორიაში კი მე-19 სკუდეტო მოიგო. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ნერაძურის თავკაცმა ანტონიო კონტემ გააკეთა.

„ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ და თავს ძალიან მსუბუქად, დასვენებულად ვგრძნობთ, რადგან 4 ტურით ადრე სკუდეტოს განაღდება მარტივი ნამდვილად არ იყო.

„ჩვენ დარჩენილ ტურებში თამაშს იმავე შემართებით გავაგრძელებთ და დროს მივცემთ მათ, რომლებსაც ბევრი თამაში არ უწევდათ. მათ იციან, თუ რისი ნახვა მსურს მე იმის მიუხედავად, რომ ტიტული უკვე გავინაღდეთ.

„გუნდმა ბოლო წლებში რამდენიმე ტაქტიკა სცადა. გასულ სეზონში ჩვენ უფრო მაღალი პრესინგით ვთამაშობდით, რაც თავისი შედეგები მოიტანა და სეზონი იუვესთან მხოლოდ 1-ქულიანი ჩამორჩებით დავასრულეთ, ევროპაში კი ფინალი ვითამაშეთ.

„იგივე ტაქტიკის გამოყენება მიმდინარე სეზონშიც ვცადეთ, მაგრამ 10-12 ტურის შემდეგ ნათელი გახდა, რომ მეტოქეებმა ჩვენი თამაში კარგად შეისწავლეს და ძალიან ხშირად გოლს კონტრ-შეტევებზე ვუშვებდით.

„ვფიქრობ, რომ გუნდს, რომელსაც მაღალი მიზნები აქვს, შეტევასა და დაცვაში ერთნაირად კარგად და დაბალანსებულად უნდა შეეძლოს თამაში. ბიჭებმა ისწავლეს თამაშის წაკითხვა და ის, თუ როდის უნდა შეუტიო და როდის იზრუნო საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე.“

ინტერი ბოლო თვეების განმავლობაში მოსაწყენი და დაცვაზე ორიენტირებული ფეხბურთის გამო არაერთხელ გააკრიტიკეს.

„ინტერი თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს. ჩვენ შეტევებს უკნიდან ვიწყებთ და მაღალ პრესინგს ვთამაშობთ. როგორც უკვე გითხარით, ინტერმა თამაშის წაკითხვა და სწორი მომენტის არჩევა ისწავლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენივე სუსტი და ძლიერი მხარეები კარგად ვიცით.

„ვფიქრობ, რომ კროტონეს კარში გატანილი პირველი გოლი ნამდვილი ხელოვნება იყო და ამას მხოლოდ ბრმა ვერ დაინახავდა, რადგან ბურთმა დიდებულად იმოძრავა, ფეხბურთელებმა კი ზედმიწევნით კარგად იცოდნენ, თუ როგორ უნდა ემოძრავათ.

„ზოგს ჰგონია, რომ ესა თუ ის ფეხბურთელი საჭირო დროს საჭირო ადგილას შემთხვევით ჩნდება, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ყველაფერი ძალიან დიდი შრომის შედეგია.“

კონტეს ფეხბურთელებთან, განსაკუთრებით კი ერიქსენთან და პერიშიჩთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა.

„როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, ყველაზე მეტად ის მაღიზიანებდა, როდესაც მწვრთნელი ტყუილს ამბობდა იმ მიზნით, რომ ესა თუ ის ფეხბურთელი ბედნიერი ყოფილიყო. ვფიქრობ, რომ ნებისმიერ საქმეში გულწრფელობა მეტად დასაფასებელია, ვიდრე ლამაზი ტყუილი. ბიჭებმა იციან, რომ ჩემი ნებისმიერი გადაწყვეტილება გუნდის საკეთილდღეოდ იქნება მიმართული.

„მინდა თითოეულ ფეხბურთელს უდიდესი მადლობა გადავუხადო, რადგან მათ მე სრული მხარდაჭერა გამომიცხადეს და ჩემში და ჩემს საფეხბურთო ხედვაში ეჭვი არასოდეს შეუტანიათ, ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი იყო.

„ინტერის ფეხბურთელები აღარ არიან მოთამაშეები, რომლებიც უბრალოდ მონაწილეობას იღებენ, ისინი უკვე გამარჯვებულები არიან და ამას ვეღარაფერი შეცვლის.“

ბოლო მწვრთნელი, რომელმაც სკუდეტო ინტერსა და იუვენტუსში მოიგო, ჯოვანი ტრაპატონი გახლდათ.

„მე მხვდა წილად ბედნიერება, რომ ჩემი გზები ტრაპატონისთან გადაკვეთილიყო და ვფიქრობ, რომ მასთან მუშაობამ როგორც ფეხბურთელს და როგორც მწვრთნელს ძალიან ბევრი რამ შემმატა.“

ნოემბერში ჰეშთაგი #ConteOut ტვიტერზე ძალიან პოპულარული იყო.

„ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მეტოქე გუნდების ქომაგების დამსახურება გახლდათ.“

ტიტულის მოპოვების მიუხედავად, კონტე საკუთარ მომავალზე რაიმე კონკრეტულის თქმას კვლავ თავს არიდებს.

„ჩვენ მთელი ეს პერიოდი კონცენტრაციას აწმყოზე ვაკეთებდით, რადგან სკუდეტოს მოგება წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხული იქნებოდა.

„საბედნიეროდ პრეზიდენტი დაგვიბრუნდა და ჩვენ სალაპარაკოდ საკმარისზე მეტი დრო გვაქვს. ჩვენ სიტუაცია უნდა გავაანალიზოთ, თუმცა ახლა ჩემი მთავარი ამოცანა ამ მომენტით მაქსიმალური სიამოვნების მიღებაა.“