Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ ინტერი შემტევი ფეხბურთის თამაშს გააგრძელებს“

ბენევენტოსთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ, 20:00 საათზე დაიწყება, ანტონიო კონტემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ყველა ასპექტში ძალიან რთულ მატჩს ველოდები. მათ გასულ სეზონში სერია ბ-ში ძალიან კარგად იასპარეზეს და უმაღლეს ჩემპიონატში თამაში უდაოდ დაიმსახურეს.

„მათ ჰყავთ მწვრთნელი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ჩემი თანაგუნდელი იყო (პიპო ინძაგი). ჩვენ ერთად ბევრი კარგი მომენტი გამოვიარეთ და მიხარია, რომ ის წარმატებებს სამწვრთნელო კარიერაშიც აღწევს.

„გასულ სეზონთან შედარებით, მას შემდეგ, რაც ბევრი ფეხბურთელი იჯარიდან დაბრუნდა, წელს სხვადასხვა პოზიციაზე უფრო მეტი არჩევანი მაქვს, რაც გრძელი და დამღლელი სეზონის დროს ძალიან მნიშნველოვანია.

„წინ ძალიან რთული და უცნაური სეზონი გველოდება. პანდემია არსად გამქრალა და რა ფორმატში და როდის დასრულდება სეზონი არავინ იცის, ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, მათ შორის იმ მარათონისთვის, რაც გასული სეზონის მეორე ნახევარში ვიხილეთ.

„სატრანსფერო ფანჯარა ? დირექტორები ვალდებულები არიან, რომ ტრანსფერებზე ჟურნალისტების კითხვას უპასუხონ, მწვრთნელებს კი ერთი სული აქვთ, როდის დაიხურება ის.

„სანამ სატრანსფერო ფანჯარა ღიაა, ათასი ჭორი სხვადასხვა ფეხბურთელის შესახებ ყოველთვის იარსებებს, რაც მათ თამაშზე აუცილებლად აისახება, მწვრთნელებს კი მაქსიმალურად კონცენტრირებული ფეხბურთელები გვჭირდება.

„ფიორენტინასთან მატჩი ? იმ შეხვედრაში შემტევების თამაში ძალიან მომეწონა. დაცვაც კარგი იყო, თუმცა ზოგ მომენტში ისინი ზედმეტად აგრესიულები იყვნენ და როგორც უკვე ვთქვი, ბალანსის პოვნა აუცილებელია.

„სიტი, ბაიერნი და ასეთი გუნდები ბევრს იტანენ, რადგან შეტევით ფეხბურთს თამაშობენ და მეც ანალოგიური ინტერის ხილვა მსურს. ჩვენ შეტევითი ფეხბურთის თამაშს გავაგრძელებთ, თუმცა დაცვაში მეტი სიფრთხილე გვმართებს.“