Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტე:“ ინტერმა გამარჯვება დაიმსახურა“

ინტერმა სან სიროზე მილან შკრინიარის ერთადერთი გოლით ატალანტას დამარცხება მოახერხა და სკუდეტოსკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი ანტონიო კონტემ გააკეთა.

„ჩვენ კონკურენტებზე გვიან ვთამაშობდით და ვიცოდით, რომ მილანმა და იუვენტუსმა თავიანთი შეხვედრები მოიგეს და მოგვიახლოვდნენ, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, რომ 6-ქულიანი უპირატესობა დაგვებრუნებინა. ინტერზე ზეწოლა უფრო და უფრო გაიზრდება და ამას უნდა მივეჩვიოთ.

„ატალანტა შესანიშნავად იყო მომზადებული და დაცვაში იმაზე ნაკლებ სივრცეებს ტოვებდა, ვიდრე ამას ზოგადად აკეთებს, მაგრამ ჩვენ შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ და ატალანტა სკუდეტოსთვის ბრძოლიდან გამოვთიშეთ.

„მინდა გასპერინის და მის გუნდს კომპლიმენტები ვუთხრა, ისინი ძალიან კარგ და გამართულ ფეხბურთს თამაშობენ და საჭირო დროს საჭირო ცვლილებებს აკეთებენ.“

ინტერს კარში მხოლოდ ერთხელ ჰქონდა დარტყმული და ისიც გოლი გაიტანა.

„ჩვენ ძალიან კარგი შანსები შევქმენით, ატალანტაზე მეტი და მათი გამოყენება უკეთ გვმართებდა.

„დღეს ატალანტა იმაზე ნაკლებად აგრესიული იყო, ვიდრე ამას მიჩვეულები ვართ, თუმცა ინტერი თამაშისთვის კარგად იყო მომზადებული და ვფიქრობ, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

„არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ სერია ა-ში საუკეთესო შეტევა გვყავს და ვეთამაშებოდით გუნდს, რომელიც ამ მხრივ მეორე ადგილზეა.

„დღეს ინტერმა დაცვაში სოლიდურობის გარდა საჭირო ბალანსიც გამოავლინა. დღეს ბიჭებს ესმოდათ, თუ როგორ უნდა ემოძრავად თამაშის სხვადასხვა ფაზებში, როდის დაეცვათ თავი და როდის გადასულიყვნენ შეტევაზე.

„სეზონის სტარტზე ჩვენ ზედმეტად შეტევაზე ორიენტირებული ვიყავით, მაგრამ ინტერმა საჭირო ბალანსი იპოვნა, რაც შედეგებზეც აისახება.

„ვგრძნობ თუ არა სკუდეტოს ჯიბეში ? მე ჯიბეში ახლა 40 ევრო მაქვს, მეტი არაფერი. შესვენებამდე წინ ტორინოს და სასუოლოს წინააღმდეგ გვაქვს თამაშები, ორივე გუნდი საკმაოდ რთული მეტოქეა და სასუოლომ მიმდინარე სეზონში არაერთი დიდი გუნდი გაამწარა.

„ხვალ ბიჭები დაისვენებენ, ენერგიას აღიდგენენ და მომდევნო მატჩისთვის დავიწყებთ მზადებას. მინდა ბიჭებს, რომლებიც ბევრს არ თამაშობენ, როგორიცაა გალიარდინი, დ’ამბროზიო, კოლაროვი, რანოკია, ვესინო, იანგი მადლობა გადავუხადო, რადგან ისინი ფორმას ინარჩუნებენ და მზად არიან, გუნდს ნებისმიერ მომენტში დაეხმარონ.“