Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტე:“ ინტერს წარმატებებს ვუსურვებ, ჩემთვის ფული მთავარი არასოდეს ყოფილა“

ანტონიო კონტემ ინტერიდან წასვლის გამო მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე ისაუბრა.

„სამწუხაროდ, სკუდეტოს აღნიშვნიდან რამდენიმე დღეში მე ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება მომიწია, თუმცა საბედნიეროდ ქომაგების მადლიერებას ყოველთვის ვგრძნობდი და მათი ‘მადლობა მისტერ’ ჩემთვის მეორე სკუდეტოსავით იყო.

„ქომაგებს კარგად ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვან და რთულ მიზანს მივაღწიეთ და რამდენი შრომა იყო ჩადებული. მე ინტერს ყველაფერი მივეცი და გულშემატკივრებმა ეს იციან.

„მორატის სიტყვები ? (მორატის კომენტარი კონტეს თაობაზე იხილეთ აქ) არ დაგიმალავთ, მისმა სიტყვებმა ცოტა გამაკვირვა და მეწყინა კიდეც, თუმცა შემდეგ ჩვენ ტელეფონზე ვისაუბრეთ და მან ბოდიში მოიხადა, მისი ფრაზა მასიმოს აზრებს არ ემთხვეოდა. ყველამ, ვინც მე მიცნობს იცის, რომ ნებისმიერ გუნდში ბოლომდე ვიხარჯები და ჩემს სამუშაოში სულს და გულს ვდებ.

„ნებისმიერ გუნდში, რომელშიც მუშაობა მომიწია, მე გამარჯვებული პროექტი წამოვიწყე, რომელიც მომავალზეა გათვლილი. ზოგი მწვრთნელი გუნდს მას შემდეგ ტოვებს, როდესაც შემადგენლობის პოტენციალს ბოლომდე ამოწურავს, მე კი პირიქით დავტოვე ფეხბურთელები, რომლებმაც გამოცდილება მიიღეს და სატრანსფერო ფანჯარაზე ფასები საგრძნობლად გაეზარდათ. მათ ახლა აქვთ გამარჯვებულის მენტალიტეტი და ამას ვერ იყიდი, ეს ყველაფერი ყოველდღიური მუშაობის შედეგია. მე ყველას მიმართ მომთხოვნი ვარ და პირველ რიგში ეს ჩემს თავს ეხება. მე არ ვთამაშობ იმიტომ, რომ მონაწილეობა მივიღო, ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ გამარჯვებაა, სწორედ ამიტომ მირეკავენ მე.

„ყველამ იცის, რომ როდესაც მე გუნდს ვიბარებ, ის აუცილებლად გაიმარჯვებს და ეს ყველაფერი კარგად მესმის, ამ პასუხისმგებლობას მე ვაანალიზებ.

„ბევრი იმას ამბობს, რომ მე ზედმეტად დიდი ხელფასი მაქვს, თუმცა იმის თქმა არავის სურს, რომ ჩემს მუშაობას გუნდისთვის გაცილებით მეტი ფული მოაქვს.

„ჩემთვის მთავარი არა ფული, არამედ გამოწვევებია და თუ კარგად დააკვირდებით, ჩემი გუნდები სეზონს ფავორიტის სტატუსით არასოდეს იწყებენ, თუმცა ბოლოს ჩემპიონები ხდებიან.

„მინდა სიმონე ინძაგის წარმატებები ვუსურვო, ის ძალიან კარგი, ამბიციური მწვრთნელია, რომელსაც გუნდის პოტენციალის გამოყენება შესანიშნავად შეუძლია. ინტერი და მისი ქომაგები ამას ნამდვილად იმსახურებენ.“