Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ კლოპს ლივერპულში პირველ 4 სეზონში არაფერი მოუგია“

ანტონიო კონტემ Gazzetta dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ჩვენი მიზანია, რომ მეტოქეებმა მოედანზე უბრალოდ ინტერის 11 ფეხბურთელი კი არ დაინახონ, არამედ გუნდის იდენტობა, კულტურა, სისტემა, ვნება ფეხბურთის მიმართ და კოლექტიური მიზანი.

„ტიტულები და თასები ამ ყველაფრის შედეგია. გამარჯვების კულტურის გარეშე წარმატებას ვერასოდეს მიაღწევ, ამის გამომუშავება კი მხოლოდ დაუღალავი შრომის შედეგად შეიძლება.“

კონტეს ხშირად ჟოზე მოურინიოს და ელენიო ერერას ადარებენ, ორი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი გუნდის ისტორიაში.

„ასეთი შედარება ჩემთვის დიდი პატივია. პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მსურს, რომ მათი წარმატება გავიმეორო.

„მაგრამ შეცდომაში არ უნდა შევიდეთ, მათი და ჩემი ინტერი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება და გუნდი სულ სხვა ფაზაში იმყოფება. მათ გუნდში ჰყავდათ ფეხბურთელები, რომლებსაც უკვე უამრავი ტიტული ჰქონდათ მოგებული.

„ჩვენ კი მშაობის დაწყება გაცილებით დიდი ჩამორჩენით გვიწევს. ჩვენ გუნდს ფაქტობრივად საძირკველიდან ვაშენებთ, რაც დროს მოითხოვს. მესმის, რომ გულშემატკივრები ტიტულებზე ოცნებობენ, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ გასული სეზონი, როდესაც ჩვენ იუვენტუსს მხოლოდ 1 ქულით ჩამოვრჩით, ძალიან უცნაური წელი იყო და გუნდებმა სეზონის ბოლოსკენ ბევრი ქულა დაკარგეს.

„მე ძალიან ამაყი ვარ, რომ წინა სეზონში ჩვენ ნაპოლიზე კარგი შედეგის დადება მოვახერხეთ, რადგან ისინი სკუდეტოს ერთ-ერთ მთავარ კანდიდატებად მოიაზრებოდნენ. მახსოვს, სანამ პანდემიის გამო ფეხბურთი შეწყდებოდა, იუვენტუსთან დავმარცხდით და ტურინელებმა იმ შეხვედრაში წარმატების უდიდესი სურვილი და შიმშილი გამოავლინეს, ჩვენ კი ამ დონეზე ასასვლელად ახლა ვმუშაობთ.“

ანტონიო კონტე სერია ა-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია.

„ჩემი ხელფასი იქიდან არის გამოწვეული, თუ რას მივაღწიე კარიერის განმავლობაში. ფეხბურთში ტყუილად არავინ არასდროს არაფერს არ მოგცემს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად წარმატებას მივაღწევთ. იურგენ კლოპის ლივერპულმა პირველი 4 სეზონის განმავლობაში ვერაფერი მოიგო.

„იმისთვის, რომ გუნდმა უმაღლეს დონეზე იასპარეზოს, დრო და მნიშვნელოვანი ფეხბურთელების გაფორმებაა საჭირო. იტალიაში არის გუნდი, რომელიც ბოლო 10 წელი სრულიად დომინანტი იყო და ასეთი სვლის შეჩერება მარტივი არ იქნება.

„გუნდები, რომლებიც მათ უბრალოდ მიჰყვებიან შეეჩვივნენ, რომ მეორეთა შორის პირველები არიან, თუმცა ჩვენ ასეთი გამოსავალი არ გვაწყობს, ჩვენ გვინდა, რომ სატურნირო ცხრილის პირველი პოზიცია დავიკავოთ.

„როდესაც მე ინტერში მოვედი, გუნდის შესახებ არაფერი ვიცოდი, რა სიტუაცია იყო სამწვრთნელო მოედნებზე, არ ვიცნობდი გუნდის წევრებს, გუნდის ექიმებს… ერთმანეთთან მიჩვევას გარკვეული დრო დასჭირდა.

„ახლა გუნდის თითოეულ წევრს ვიცნობ, რაც ძალიან დიდი უპირატესობაა. ჩვენ ერთიანი ვართ, ხელმძღვანელობისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ, ამიტომ ყველაფერი კარგად იქნება.“