Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტი, კასტილეხო და სხვები, ვინც მილანს იანვარში დატოვებენ

მილანი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდისთვის აქტიურად ემზადება, რომ სერია ა-ს მეორე წრეს მომზადებული შეხვდეს და სკუდეტოსთვის ბრძოლა გააგრძელოს, თუმცა პარალელურად გუნდის ხელმძღვანელობა ბალასტის მოშორებას აპირებს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანის წამსვლელთა სიას სამუ კასტილეხო და ანდრეა კონტი ლიდერობენ.

კონტის მილანთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და როსონერი მზად არის ის იანვარში სრულიად უფასოდ გაუშვას. წყაროს ცნობით, იტალიელი უკანახაზელის გაფორმების სურვილი სამპდორიამ და ჯენოამ დააფიქსირეს.

კასტილეხოს რაც შეეხება, ესპანელ ვინგერს როგორც სერია ა-ში, ასევე ესპანეთში არაერთი გუნდი აკვირდება, თუმცა ამ მომენტისთვის თითოეული მათგანი ფეხბურთელის იჯარით გაფორმებას გეგმავენ და მილანის მიერ მოთხოვნილი 7-8 მილიონის გადახდას არავინ აპირებს.

ასევე წამსვლელთა სიაშია პიეტრო პელეგრი, რომელიც მონაკოდან არენდის წესით ასპარეზობს და აშკარაა, რომ როსონერი მის გამოსყიდვას არ მოისურვებს, თუმცა თუ მილანმა მისი ღირსეული შემცვლელი ვერ იპოვნა, იტალიელი ფორვარდი სავარაუდოდ სეზონის ბოლომდე მილანის რიგებში დარჩება.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც შესაძლოა გუნდი დატოვოს, დანიელ მალდინი გახლავვთ. ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელი მილანს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე მას სეზონის ბოლომდე იჯარის წესით აიყვანს და ფეხბურთელს სათამაშო დროის გარანტიას მისცემს, სეზონის ბოლოს კი ის მილანს დაუბრუნდება.