Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციოს პრეზიდენტის მომავალი დღეს გაირკვევა

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ლაციოს პრეზიდენტის კლაუდიო ლოტიტოს მომავალი, შეძლებს თუ არა ის მომდევნო 1 წლის განმავლობაში ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობის გაგრძელებას, დღეს გადაწყდება.

გასული სეზონის მსვლელობისას ლაციომ კორონა ვირუსის უსაფრთხოების პროტოკოლი დაარღვია და ისეთი ფეხბურთელები გამოიყენა, რომლებსაც მოლეკულური ტესტის შემდეგ ვირუსი დაუდასტურდათ, თუმცა გუნდმა პასუხების შესახებ ადგილობრივ ჯანდაცვის წარმომადგენლებს არ აცნობეს.

სპორტულმა სასამართლომ ლაციოს 200,000 ევროიანი ჯარიმა უკვე დააკისრა, ლოტიტოს და გუნდის რამდენიმე ექიმს კი საფეხბურთო საქმიანობა 12 თვით აუკრძალა, რომელიც არწივების წარმომადგენლებმა CONI-ს (იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი) სასამართლოში გააპროტესტა და დასკვნითი მოსმენა დღეს არის ჩანიშნული.

თუ CONI-მ ლოტიტო დამნაშავედ სცნო, მას ფეხბურთთან ნებისმიერი კავშირი 12 თვით აეკრძალება და ყველა დაკავებული თანამდებობის დატოვება მოუწევს.