Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლუკაკუ:“ კონტე ჩემთვის მამასავით არის“

Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში რომელუ ლუკაკუმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მამაჩემს ფულის მხრივ არასოდეს უმართლებდა. როდესაც მან კარიერა დაასრულა, ჩვენ არც სახლი გვქონდა და არც ფული. სწირედ მაშინ გადავწყვიტე, რომ ფეხბურთელი გავმხდარიყავი და ჩემი ოჯახის მდგომარეობა გამეუმჯობესებინა.

„მომწონს თუ არა იტალიაში ყოფნა ? რა თქმა უნდა. იტალია საუკეთესო ქვეყანაა მათ შორის, სადაც მე ვყოფილვარ. აქ ხალხს ერთმანეთის მიმართ სიყვარული და პატივისცემა აკავშირებთ. იტალიელებმა ისე მიმიღეს, როგორც საკუთარ სახლში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კარიერის ინტერში გაგრძელების გადაწყვეტილება მივიღე.

„იტალიური ფეხბურთი ჩემი თამაშის სტილს იდეალურად ერგება. მინდა, რომ კიდევ განვვითარდე და მწვრთნელს, გუნდს და ჩვენს გულშემატკივრებს დაუვიწყარი წუთები ვაჩუქო.

„კონტე ? ის ჩემთვის მამასავით არის, რომელიც მნიშვნელოვან რჩევებს მაძლევს. ჩვენ ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის და მისი მადლობელი ვარ იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ყოველდღე ვგრძნობ.

„პირველად მან 6 წლის წინ დამირეკა, მაშინ ის ჯერ კიდევ იუვენტუსის მწვრთნელი იყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ტრანსფერი არ შედგა. საბედნიეროდ, ინტერში მასთან ერთად მუშაობის საშუალება მომეცა.

„ვგრძნობ, რომ გასულ სეზონში ძალიან გავიზარდე, რაც კონტეს და მისი სტაფის დამსახურებაა, თუმცა მიღწეულ შედეგზე გაჩერებას არ ვაპირებ და მსურს, რომ გუნდთან ერთად კიდევ განვითარდე.

„ვიდალი ? მისი მოსვლა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გასულ სეზონში გამოცდილება და ხარისხი დაგვაკლდა, სწორედ ის თვისებები, რაც ვიდალს ნამდვილად აქვს. არტურომ სადაც ითამაშა, ყველგან წარმატებას მიაღწია, რაც ნამდვილად აღსანიშნავია.

„მარცხი ევროპა ლიგის ფინალში ? ეს ჩემთვის ძალიან ძნელი გადასატანი იყო. იმ ღამის შემდეგ 4 დღე არ ვლაპარაკობდი, თუმცა ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ ეს მომენტი წარსულისთვის უნდა მიმებარებინა და წინ სვლა გამეგრძელებინა.

„გასულ სეზონში სკუდეტომდე 1 ქულა დაგვაკლდა, Coppa Italia-ს ნახევარფინალიდან გამოვვარდით და ევროპა ლიგის ფინალი დავთმეთ, თუმცა ეს გამოცდილება მომავალში აუცილებლად გამოგვადგება. წაგება საჭიროა, რომ გამარჯვება ისწავლო.

„განსხვავება იტალიურ და ინგლისურ ფეხბურთს შორის ? იტალიაში ტაქტიკას ბევრად დიდი ყურადღება ექცევა. უმაღლეს დონეზე სათამაშოდ ყოველი მოძრაობის გათვლა გიწევს. აქ სივრცეების პოვნა ძალიან ჭირს და შანსები მაქსიმალურად უნდა გამოიყენო.

„ისეთ ფეხბურთელებს, როგორიც დიბალა, იბრაჰიმოვიჩი და ლაუტაროა, ბურთის მიღებისთანავე 3 მეტოქე უდგას წინ.

„იტალიაში კონკრეტულ მეტოქესთან სათამაშოდ მთელი კვირა ვემზადებით, ვსწავლობთ მათ ტაქტიკას, ძლიერ და სუსტ მხარეებს.

„საუკეთესო მცველი იტალიაში ? რთული სათქმელია, რადგან აქ დაცვა სულ სხვა დონეზეა აყვანილი. კულიბალის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული, თუმცა სასიამოვნოა. მიყვარს მისნაირ ფიზიკურად ძლიერ ოპონენტებთან პაექრობა. ასევე გამოვარჩევდი კლავანსაც, რომელიც კალიარის ფეხბურთელია, კუმბულას, ბონუჩის და რომანიოლის.

„რაც უფრო ძლიერი დაცვა ჰყავს მოწინააღმდეგე გუნდს, უფრო მეტი მოტივაცია გაქვს, რომ მათ აჯობო.

„ახალი თაობა იტალიაში ? ბარელა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება როგორც ინტერისთვის, ასევე იტალიის ნაკრებისთვის. მან ბოლო 6 თვეში ძალიან მოუმატა.

„გამოვარჩევდი ასევე ესპოსიტოს, თუმცა მას უფრო მეტი სათამაშო დრო სჭირდება. ასევე დიდ პატივს ვცემ კინს და კიეზას.“