Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლუჩესკუ:“ რონალდუს ყველას დახმარება სჭირდება“

კიევის დინამოს მთავარმა მწვრთნელმა, რომელიც ოდესღაც პირლოს პირველი ტრეინერი გახლდათ პროფესიონალურ დონეზე, ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

კიევის დინამო იუვენტუსს სამშაბათს უმასპინძლებს, შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

„ანდრეა პირლო პატარაობიდან გამორჩეული იყო. ერთხელ მასთან ვიარეჯოში(ქალაქი იტალიაში) თამაშის საყურებლად წავედი და გზაში სასაუბროდ ორ საათზე მეტი გვქონდა, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მას შესანიშნავი გონება ჰქონდა. მას ყველაფრის ორგანიზება უმაღლეს დონეზე შეეძლო და სწორედ ეს ნიჭი დაეხმარა იმაში, რომ ახლა ის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი გუნდის მთავარი მწვრთნელია.

„პირლო მაესტროს მეძახის, რაც სიამაყის საფუძველს მაძლევს და ამის გამო დიდ მადლობას ვუხდი, იმედი მაქვს, რომ სამწვრთნელო კარიერაში უდიდეს წარმატებებს მიაღწევს.

„ჩემი ფეხბურთელებისგან იმას ველოდები, რომ მოედანზე თავდაჯერებულები გავლენ და ის ფაქტი არ შეაშინებთ, რომ მათ წინააღმდეგ მსოფლიოში გამორჩეული ფეხბურთელები იქნებიან.

„ბევრი მათგანი ძალიან ახალგაზრდაა, ზაბარნი 18 წლის არის, მიკოლენკო 21-ის , სუპრიაჰა 20-ის და ასე შემდეგ… მათ ასეთი დონის მატჩებში პრაქტიკა სჭირდებათ, რომ განვითარდნენ და მე სწორედ ამიტომ ვარ აქ, რომ მათ დავეხმარო.“

იუვენტუსს კრიშტიანუ რონალდუ ვერ დაეხმარება, რადგან პორტუგალიელმა კორონა ვირუსის დამარცხება ჯერჯერობით ვერ მოახერხა, მაგრამ რონალდუს გარდა G ჯგუფში ლეო მესი და მისი ბარსელონაც არის…

„მე მათ წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება უკვე მაქვს, ჩემს ფეხბურთელებს კი არა და მომიწევს მათ ავუხსნა, თუ როგორი გრძნობაა ეს…

„მესი ტანმორჩილი ფეხბურთელია, რომელსაც პატარა სივრცეც კი ჰყოფნის, რადგან მისი აჩქარება, თავდაჯერებულობა და დრიბლინგი სულ სხვა დონეზეა. რონალდუ უფრო განსხვავებული მოთამაშეა. მას გოლების გატანა უყვარს და თანაგუნდელების დახმარება სჭირდება, რომ უფრო მეტი სივრცე ჰქონდეს.

„მესის ინდივიდუალურად გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია. რონალდუს საჯარიმოში შეუძლია კარგად მუშაობა, თუმცა მას აუცილებლად სჭირდება, რომ სხვა შემტევებმა სივრცეები შექმნან. ესეც ასე, ისინი ძალიან განსხვავდებიან, თუმცა უდაოა, რომ ორივე მათგანი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია.“