Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მალდინიმ The Athletic-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა

„მილანს ბერლუსკონის მმართველობის პერიოდში 25-წლიანი წარმატებული ციკლი ჰქონდა, რის შემდეგაც გარკვეული ჩავარდნა დაიწყო, რაც სავსებით ნორმალურია. იგივე პერიოდი მანჩესტერმა, მადრიდის რეალმა და სხვა ყველა გრანდმა გამოიარა, თუმცა ჩვენ ნელ-ნელა ვბრუნდებით და სულ მალე ძველ სიმაღლეებს დავუბრუნდებით.

„განსხვავება ფეხბურთელის და დირექტორის კარიერებს შორის? მე ახლა 200 განსხვავებულ რამეზე მიწევს ფიქრი. ფეხბურთელობის პერიოდში მე ვვარჯიშობდი, ვთამაშობდი და სახლში მივდიოდი, ახლა კი ბევრად მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია და თავისუფალი დრო ფაქტობრივად არ მრჩება.

„ბოლო 15 წელიწადში მწვრთნელის მოვალეობებიც ძალიან შეიცვალა. იყო დრო, როდესაც მწვრთნელები სავარჯიშო სესიის დაწყებამდე 1 საათით ადრე მოდიოდნენ და ბაზას ფეხბურთელებთან ერთად ტოვებდნენ, ახლა კი მათ 10-12 საათი გატარება გუნდთან ერთად უწევთ.

„ტექნიკურ დირექტორს ორი ძირითადი მოვალეობა აქვს. პირველი, ოფისში მუშაობაა. ჩვენთვის სატრანსფერო ფანჯარა ყოველთვის ღიაა და ტრანსფერებს წინასწარ ვგეგმავთ. გვიწევს ახალი ხალხის გაცნობა და მათთან ურთიერთობა. მეორე კი სპორტული მხარეა, როდესაც გუნდის სამწვრთნელო სესიაზე დასწრება და მათი მუშაობისთვის თვალყურის მიდევნება გიწევს.

„წელს დასვენებისთვის მხოლოდ 8 დღე მქონდა, თუმცა ამ დროსაც კი ჩვენი ტელეფონები არ ჩერდება და პლიაჟზე ყოფნის დროსაც კი, გუნდთან მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფები.

„სამწუხაროდ, იმ ადრენალინის განცდა, რასაც მოედანზე იღებ, დირექტორის ამპლუაში არ შეგიძლია, თუმცა ჩემი საქმიანობა ძალიან მომწონს. ვმუშაობ ჩემს საყვარელ გუნდში და ვცდილობ, რომ ის ძვენ სიმაღლეებზე ავიყვანო, რაც ძალიან მსიამოვნებს.

„იბრაჰიმოვიჩი ? ჩვენ მისგან იმას ვიღებთ, რასაც ველოდით. მილანი ძალიან ახალგაზრდული გუნდია და მისი გამოცდილება და მოტივაცია დიავოლოს ძალიან ეხმარება.

„დროთა განმავლობაში ფეხბურთში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ზოგი რამ უცვლელი რჩება. მაგალითისთვის, იბრაჰიმოვიჩს სამწვრთნელო სესიებზეც კი გამარჯვების დაუოკებელი სურვილი აქვს, რაც მთელს გუნდზე გადადის და ეს განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, ეს არასოდეს შეიცვლება.

„ზლატანი ამ მხრივაც გამორჩეულია. მას წაგება არასოდეს სურს, ის ჩემს თავს მაგონებს. ჩემი მეუღლე დამცინოდა კიდეც, რადგან როდესაც ჩემს შვილებთან პინგ-პონგს ვთამაშობდი, იმის ნაცვლად, რომ მათთვის გამარჯვების საშუალება მიმეცა, ყოველთვის ვცდილობდი, რომ გამარჯვებული მე გამოვსულიყავი. ეს თვისება პროფესიონალი ათლეტისთვის უმნიშვნელოვანესია.“


Leave a Reply

Your email address will not be published.