Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალდინი:“ გამორჩეული და საინტერესო სატრანსფერო ფანჯარა გველის“

მილანის დირექტორმა RAI-სთან ინტერვიუში მოახლოებულ სატრანსფერო ფანჯარაზე, როსონერის გეგმებზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მილანის ყურება, თუ როგორ თამაშობს გუნდი, როგორი სიმამაცით, ძალიან მსიამოვნებს. ეს სწორედ ის არის, რასაც მე 2018 წლიდან, როდესაც მე მილანში დავბრუნდი, ფეხბურთელებისგან ვითხოვდი.

„ცვლილებების საიდუმლო ? შენ უბრალოდ უნდა გწამდეს იმ საქმის, რასაც აკეთებ, ფეხბურთელების, რომლებიც გყავს. ჩემი მოსვლის დროს მილანი იყო გუნდი, რომლის აშენებაც სრულიად ახლიდან იყო საჭირო. ჩვენ არჩეული გზის თავიდანვე გვწამდა და ახლა, 18 თვის შემდეგ, შედეგს ყველა ხედავს. მე ფეხბურთის გარეშე 9 წელი ვცხოვრობდი და დაბრუნება აუცილებელი არ იყო, თუმცა ეს მოხდა და ახლა ამ ყველაფრით სიამოვნებას ვიღებ.

„რას ნიშნავს გყავდეს უამრავი ახალგაზრდა ფეხბურთელი გუნდში ? შენ ვალდებული ხარ, რომ მათ ადაპტაციისთვის საჭირო დრო მისცე. მათ, ვისაც ეს საკუთარ თავზე არ გამოუცდიათ, ვერ ხვდებიან. მილანი ერთი რიგითი გუნდი არ არის და მისი მაისურის მორგება ძალიან დიდ სტრესთან და პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. თუ ფეხბურთელი სხვაგან კარგად თამაშობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მილანშიც იგივეს გააკეთებს.

„ურთიერთობა ჩემსა და დანიელ მალდინის შორის ? ის ჯერ კიდევ ჩვენთან ერთად ცხოვრობს, თუმცა მილანელოზე ჩვენ ისე ვესალმებით ერთმანეთს, როგორც სხვა დანარჩენებს. ასე იყო ჩემი და მამაჩემის დროსაც. ის მილანის ფეხბურთელია იმიტომ, რომ მან ეს დაიმსახურა. მას ბევრი რამ აღიზიანებს, ზუსტად ისე, როგორც მე თავის დროს, თუმცა მამაჩემი ხშირად მესაუბრებოდა ხოლმე და მისი დახმარებით ყველა სირთულე გადავლახე, იმედი მაქვს, ჩემი შვილის დახმარებას მეც მოვახერხებ.

„მილანში მალდინები უკვე 66 წელია მოღვაწეობენ, ჩემი ოჯახის და როსონერის ისტორია გამორჩეულია. მე და მამაჩემს გაგვიმართლა, რომ ამ დიდებულ გუნდთან ერთად უამრავ წარმატებას მივაღწიეთ და იმედი მაქვს, დანიელი ჩვენს გზად გააგრძელებს.

„პიოლი ? სტეფანოს ძალიან ბევრი საჭირო თვისება აქვს, რომელიც დიდ მწვრთნელს უნდა გააჩნდეს. ჩვენ ძალიან ღია და გულახდილი ურთიერთობა გვაქვს, ამის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა.

„ლეაოს გოლი მეექვსე წამზე ? ეს რაღაც განუმეორებელია, თუმცა თუ არ ცდი, ვერც ვერასოდეს გააკეთებ.

„იბრა ? ის ძალიან გაბრაზებულია, რადგან დაბრუნებასთან ახლოს იყო და სხვა ტრავმა მიიღო. ახლა, როდესაც ყველა გუნდი წარმოუდგენლად დატვირთული გრაფიკით თამაშობს, კუნთების ტრავმებისგან დაზღვეული არავინ არ არის.

„სატრანსფერო ფანჯარა ? ჩვენ გამორცეული და საინტერესო ფანჯარა გველის, თუმცა მილანის თავდაყირა დაყენებას არ ვაპირებთ. გუნდმა უკვე აჩვენა, რომ მას მაღალ დონეზე ასპარეზობა შეუძლია.

„მოვა თუ არა ზლატანის შემცვლელი ? ჩვენ იბრას უამრავი ალტერნატივა გვყავს. ლეაო, რებიჩი, კოლომბო და დანიელი… ჩვენ მათ სათამაშო დრო მივეცით და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე ვართ. ყველაფერი, რაც აქამდე მოხდა, რთული პერიოდებიც კი, საჭირო იყო იმ ყველაფრისთვის, რომ ახლა აქ ვყოფილიყავით. ჩვენ არ ვაპირებთ ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რაც ჩვენი აზრით საჭირო არ არის.

„რას ვიმედოვნებ 2021 წელს ? იმედი მაქვს, რომ ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებით. ახლა ჩემი მთავარი სადარდებელი და საზრუნავი მილანია და მე ბიჭებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ჩვენ ოცნება არ უნდა შევწყვიტოთ და ტიტულებზე აუცილებლად უნდა ვიფიქროთ.

„იმედი მაქვს, რომ მაყურებლები სტადიონზე ძალიან მალე დაბრუნდებიან, რადგან შეიძლება ფეხბურთელები ცარიელი ტრიბუნების ფონზე თამაშს შეეჩვივნენ, თუმცა ჩვენთვის, ფეხბურთის მოყვარულებისთვის გულშემატკივრების ხილვა სულ სხვა შოუა.“