მანჩინი:“პირლოს ძალიან გაუმართლა“
იტალიის ნაკრების ბოსმა ატალანტა-პსჟ-ს დაპირისპირებასა და პირლოს იუვენტუსში მისვლაზე ისაუბრა.
„ატალანტას წინ ძალიან რთული თამაში ელოდება.პსჟ ძალიან ძლიერი გუნდია და ბერგამოელებზე დიდი გამოცდილებაც აქვთ.
„მართალია ფრანგები ახლა საუკეთესო ფორმაში არ არიან,რადგან მათი რიგები კავანიმ დატოვა, დი მარია დისკვალიფიცირებულია,ვერატის და მბაპეს თამაში კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას,მათ არც ბევრი სათამაშო პრაქტიკა ჰქონიათ,რადგან მათი ჩემპიონატი მარტში შეწყდა, თუმცა პსჟ-ში ისეთი ფეხბურთელები ირიცხებიან,რომელთაც თამაშის ბედის გადაწყვეტა მარტოებს შეუძლიათ.
„ატალანტა უშანსოდ არ იქნება,თუმცა წინ ძალიან ძნელი გამოცდა ელის.
„იუვენტუსის გამოვარდნას რაც შეეხება,ნამდვილად არ მეგონა,რომ ბიანკონერი ტურნირს ასე ადრე დაემშვიდობებოდა,თუმცა ეს ძალიან განსხვავებული და ძნელი წელი იყო, განსაკუთრებით მათთვის,ვინც გუნდში დიდი ცვლილებები განახორციელეს, როგორც იუვემ. სარიმ გუნდში თავისი ფეხბურთის მიტანა ვერ შეძლო.
„პირლოს გაუმართლა,ის კარიერას მწვერვალიდან იწყებს,ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის მთავარი მწვრთნელის ამპლუაში.ქვედა ლიგებიდან არც მე დამიწყია,ჩემი პირველი გუნდი ფიორენტინა იყო,თუმცა იუვე მაინც სულ სხვაა…
„ხუმრობა იქით იყოს და ჩემი აზრით,ანიელიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. პირლოს ფეხბურთის ცოდნას ვერავინ დაუწუნებს და მე მასთან ერთად დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი.
„ანდრეა ახლა ცხოვრების ახალ გზას ადგას და მინდა,რომ მას წარმატებები ვუსურვო.