Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ იტალიამ მომდევნო ეტაპზე გასვლა დაიმსახურა“

აძურიმ დაძაბულ ბრძოლაში ავსტრიის დამარცხება დამატებით ტაიმში, შეცვლაზე შემოსული კიეზას და პესინას გოლებით მოახერხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც მათი მეტოქე ბელგია-პორტუგალიას შორის გამარჯვებული იქნება.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი რობერტო მანჩინიმ გააკეთა.

„ჩვენ სახლში დამსახურებული გამარჯვება მიგვაქვს, მაგრამ სამწუხაროა, რომ უწყინარ სიტუაციაში გოლი გავუშვით, თუმცა ეს ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო.

„ჩვენ მინიმუმ 2 გოლი ძირითად დროში უნდა გაგვეტანა და მატჩი დამატებით ტაიმებამდე არ უნდა მიგვეყვანა, მაგრამ საბოლოო ჯამში დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

„შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა თამაშზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს, ისინი შეხვედრაში სწორი მიდგომით და მენტალობით ჩაერთვნენ, რაც საბოლოო ჯამში გადამწყვეტი აღმოჩნდა.

„ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდებოდა, შესაძლოა იმაზე რთულიც კი, ვიდრე ეს მეოთხედფინალი იქნება. ჩვენ დღეს ძლიერი მეტოქე შეგვხვდა, მაგრამ იტალია არ გატყდა და გაიმარჯვა.

„ფინალი ? ჯერ ამ თემაზე ლაპარაკი ადრეა. რომელი უფრო რთული მეტოქე იქნება ? როგორც ბელგია, ასევე პორტუგალია ძალიან ძლიერი გუნდები არიან და რომელიმეს გამოყოფა ძნელი იქნება.“