Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ იტალია ევროპის ჩემპიონატის მოგონებების ტყვე არ უნდა გახდეს“

რობერტო მანჩინიმ შვეიცარიასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის მოგების მიუხედავად, აძური იმავე შემართებით ბრძოლა უნდა გააგრძელოს.

„ვერატის მუხლზე გარკვეული დაზიანება ჰქონდა, მაგრამ მისი თამაში გამორიცხული არ არის და ყველაფერი ხვალ გადაწყდება. ჩვენ შემადგენლობას კარგად განვიხილავთ და მოედანზე საუკეთესო ფორმაში მყოფ ფეხბურთელებს გავიყვანთ.

„მარკო გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და მისი ტრავმა გუნდისთვის საკმაოდ დიდი დარტყმა იქნება, მაგრამ ის დღეს თავს უკეთ გრძნობს და იმედია თამაშს მოახერხებს. ვფიქრობ, რომ ჩვენ ხვალ ისე რომ ვითამაშოთ, როგორც ეს ბულგარეთთან გავაკეთეთ, გამარჯვებას მოვიპოვებთ. წინა მატჩში იტალიის თამაშით კმაყოფილი დავრჩი, მაგრამ სამწუხაროდ შანსები კარგად ვერ გამოვიყენეთ.

„ჩვენ ვიცით, რომ დაკარგული ქულების შემდეგ ხვალ გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ. შვეიცარიასთან თამაში მარტივი არასოდეს არის, მაგრამ ხვალ იტალია მოედანზე გამარჯვებისთვის გავა.

„ჩვენ ევროპის ჩემპიონატი წარსულს უნდა ჩავაბაროთ და ამ შესანიშნავი მოგონებების ტყვეები არ უნდა გავხდეთ. 11 ივლისი დიდებული საღამო იყო, მაგრამ ახლა დროა ახალ გამოწვევებზე და გამარჯვებებზე ვიფიქროთ.“