Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მანჩინი:“ ნიდერლანდების წინააღმდეგ იმობილე ითამაშებს“

რობერტო მანჩინიმ ნიდერლანდებთან გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. შეგახსენებთ, რომ იტალია ნიდერლანდებს ხვალ ბერგამოში მიიღებს, მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

მანჩინიმ პირველ რიგში სტეფან ელ შაარავის შესახებ ისაუბრა, რომელსაც კორონა ვირუსი დაუდასტურდა.

„ნაკრებში ვირუსის დადასტურებული შემთხვევის გამო, დღეს განცალკევებით ვარჯიში მოგვიწია და ხვალინდელი სასტარტო შემადგენლობის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ ვიფიქრებ, რაც სხვა ფეხბურთელების ტესტების პასუხები მეცოდინება.

„იმის თქმა შემიძლია, რომ ხვალ შეტევაში იმობილეს დავაყენებ, დაცვაში კიელინი გვიბრუნდება და მათ გარდა კიდევ 5-6 ცვლილება იქნება.“

იტალია ბოლო თამაშებში ძალიან ბევრ საგოლე მომენტს აფუჭებს.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გუნდმა კარგი ფეხბურთი ითამაშოს და შანსები შექმნას, მათი გამოყენებისთვის კი გარკვეული გამართლებაც არის საჭირო და მომენტების გაფუჭება ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია.

„ჩვენ ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს და დიდ თამაშებამდე დრო კიდევ გვაქვს, რომ თამაშის ხარისხი უფრო გავაუმჯობესოთ. გუნდმა განვითარება უნდა განაგრძოს და ევროპის ჩემპიონატს საუკეთესო ფორმით უნდა შევხვდეთ.

„ნიდერლანდელები აგრესიულ და შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, თუმცა ამ მხრივ ცუდად არც ჩვენ გამოვიყურებით და შევეცდებით, რომ შექმნილი შანსები გოლებად გადავაქციოთ.“