Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტა:“ კონტე სწორი ადამიანია, სწორ დროს…“

ინტერის დირექტორმა ბეპე მაროტამ ინტერის ჩემპიონობის გაოფიციალურების შემდეგ ვრცელი კომენტარი გააკეთა.

„როდესაც მე გუნდში მოვედი, იუვენტუსსა და ინტერს შორის საკმაოდ დიდი სხვაობა იყო. ფაქტი, რომ ჩვენ სკუდეტო 4 ტურით ადრე მოვიგეთ არა ჩვენი მეტოქეების სისუსტეზე და მათ შეცდომებზე, არამედ ინტერის სიძლიერეზე მეტყველებს.

„ჩვენ იდეაში 94 ქულის მოპოვება შეგვიძლია, რაც ძალიან შთამბეჭდავი შედეგია. მინდა ანტონიო კონტეს უდიდესი მადლობა გადავუხადო, რადგან მან გუნდში სპორტული ღირებულებები მოიტანა, რომელიც მან წლების განმავლობაში როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმა გამოიმუშავა. გუნდში ტიტული არტორი ვიდალის გარდა არავის ჰქონდა მოგებული და ამის გაკეთება მართლაც უდიდესი მიღწევაა, რომელიც დიდწილად სწორედ კონტეს დამსახურებაა.“

თავიდან მაროტას იმის გამო, რომ მან მწვრთნელად იუვენტუსის ლეგენდა მოიყვანა და მას 12 მილიონი დაუნიშნა, ძალიან აკრიტიკებდნენ.

„ჩემი აზრით, გუნდისთვის უმჯობესია, რომ ერთით ნაკლები ფეხბურთელი იყიდოს და უმაღლესი დონის მწვრთნელი მოიყვანოს. ის თანხა, რომელსაც კონტე იღებს, მისი CV-ს გათვალისწინებით სრულიად დამსახურებულია.

„მე ინტერს კონტე შევთავაზე იმიტომ, რომ ვგრძნობდი, ის საჭირო დროს საჭირო ადამიანი იყო. ჩვენ იუვენტუსში ერთად 3 სკუდეტო მოვიპოვეთ და ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობდით.

„მე ისიც ვიცოდი, რომ მისი მედიასთან გაკეთებული კომენტარები გუნდის მოტივაციისკენ იყო მიმართული. სიმართლე რომ გითხრათ, მე კონტესნაირი პირდაპირი ადამიანი მირჩევნია, რომელიც ყველაფერს პირში გეუბნება და არა ისეთი, რომელიც რეალობას გაურბის.

„რატომ დავტოვე იუვენტუსი ? ჩვენ თანამშრომლობის დასრულება საერთო შეთანხმების საფუძველზე გადავწყვიტეთ, რადგან ჩემი და გუნდის სხვა წარმომადგენლების ხედვა ერთმანეთს აღარ ემთხვეოდა.

„ჩემი იუვედან წასვლა ოფიციალური შაბათს გახდა, კვირას კი სტივენ ჟანგმა დამირეკა და გუნდში მიმიპატიჟა, რასაც მე დაუყოვნებლივ დავთანხმდი.

„ყველაზე რთული მომენტი ბოლო 2 წლის განმავლობაში ? სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ ბევრი პრობლემის და წინაღობის გადალახვა მოგვიწია. ყველაზე რთული რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე მოლაპარაკებები იყო, მაგრამ კონტემ დაგვარწმუნა, რომ ის საჭირო ფეხბურთელი გახლდათ.

„დარჩება თუ არა კონტე ? როდესაც გუნდში ახალ ეპოქას იწყებ, საჭირო მწვრთნელი ძალიან მნიშნელოვანია და კონტე შედეგების გარანტიას გაძლევს.

„პანდემიის გამო ჩვენ საკმაოდ რთულ ფინანსურ სიტუაციაში ვიმყოფებით, ამიტომ ხარჯების შემცირება მოგვიწევს, მაგრამ ახლა ამ თემაზე საუბრის დრო არ არის, რადგან გვსურს, რომ ამ შესანიშნავი მომენტით მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ.

„იმედი გვაქვს, რომ სკუდეტოს მოპოვებას მომდევნო სეზონშიც მოვახერხებთ და ინტერის მაისურზე მეორე ვარსკვლავის დახატვის საშუალება გვექნება.“