Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მატერაცი:“ ინგლისს იტალიის ეშინია“

იტალიის და ინტერის ყოფილმა ფეხბურთელმა მარკო მატერაციმ იმედი გამოთქვა, რომ ფინალში იმობილე გოლის გატანას მოახერხებს და განაცხადა, რომ სამ ლომს აძურის ეშინია.

„ინგლისი სახლში თამაშობს, როგორც გერმანია 2006 წელს. მე გერმანელების სახეები გასახდელში კარგად მახსოვს, ისინი ისეთივე თეთრები იყვნენ, როგორც მათი მაისურები.

„ჩვენ ერთმანეთს ვეუბნებოდით:“ მათ ჩვენი ეშინიათ, ისინი შეშინებულები არიან.“ – მოედანზე კი დავინახეთ, რომ ისინი მართლაც შეშინებულები იყვნენ. ჩვენ გუნდში გვყავდა ადამიანი, რომელიც მათ საუბარს გვითარგმნიდა და ისინი იმ ზეწოლას მართლაც განიცდიდნენ.

„დანიის გოლის შემდეგ ინგლისის ფეხბურთელებს ზუსტად ისეთივე სახეები ჰქონდათ და მანჩინიმ მათი სურათები ჩვენს ფეხბურთელებს უნდა აჩვენოს.

„ჩვენ უემბლიზე კაპელოს და ჯანფრანკო ძოლას გოლები კარგად გვახსოვს, იმედია ახლა ჩირო იმობილე გაიტანს და მათ სიას შეუერთდება.“