Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაქს ალეგრის და ანდრეა ანიელის პრეს-კონფერენცია

იუვენტუსმა მაქს ალეგრი ოფიციალურად წარადგინა, რის შემდეგაც იტალიელმა სპეციალისტმა გუნდის პრეზიდენტთან ანდრეა ანიელისთან ერთად პრეს-კონფერენცია გამართეს.

ანდრეა ანიელი:

„სანამ დავიწყებთ, მინდა იტალიის ნაკრებს, გუნდის სამწვრთნელო შტაბს და განსაკუთრებით კიელინის, ბონუჩის, ბერნარდესკის და კიეზას ჩემპიონობა მივულოცო. ჩემპიონატის დაწყებამდე აძურის ფავორიტად არავინ მოიაზრებდა, მაგრამ თავგანწირულობის და მებრძოლი სულის ხარჯზე მათ ისტორიული შედეგი დააფიქსირეს.

„ახლა კი დღევანდელი დღის მთავარ გმირზე მაქს ალეგრიზე ვისაუბროთ, რომელმაც ჩვენთან შესანიშნავი პერიოდი გაატარა და გუნდი დაუმარცხებლად დატოვა. ზოგი ჩვენს მიღწეულ შედეგებს სათანადოდ ვერ აფასებდა და ფიქრობდა, რომ გამარჯვება გარანტირებული გვქონდა, თუმცა ეს ასე არ არის. ახლა მაქსი დაბრუნდა და ჩვენ მზად ვართ მომავალზე ფიქრს და მის შენებას ერთად შევუდგეთ.

„მაქსი არის იუვენტუსის მწვრთნელი იმიტომ, რომ მას აქვს საკმარისი გამოცდილება და ხასიათი იუვენტუსის ისტორიის ახალი თავის დასაწერად. ჩვენი მიზანი მასთან ერთად ყველა ტიტულისთვის ბრძოლაა.

„არის თუ არა ეს გადაწყვეტილება გულით ნაკარნახები ? არა, ჩვენ ავირჩიეთ შესანიშნავი მწვრთნელი, რომელსაც ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ იუვენტუსი კიდევ უფრო მაღალ სიმაღლეებზე აიყვანოს.

„როდის გადავწყვიტეთ მაქსის დაბრუნება ? ჩვენ გასულ სეზონში შესანიშნავი გამარჯვების ციკლი დავასრულეთ და გუნდში ცვლილებების დრო იყო, მწვრთნელების კანდიდატების განხილვისას კი მივხვდით, რომ ალეგრი იუვენტუსის კრიტერიუმებს იდეალურად აკმაყოფილებდა.“

მაქს ალეგრი:

„გამარჯობათ ყველას, 2 წლის შემდეგ დავბრუნდით და მე ცოტას ვღელავ, თუმცა თქვენი შეკითხვებისთვის მზად ვარ.

„როგორ ვგრძნობ თავს ? იუვენტუსში დაბრუნების გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ უკვე კარგი ვარჯიშები გავმართეთ, თუმცა ახლა გუნდის მნიშვნელოვანი ელემენტები გვიბრუნდებიან და ახლა სენტიმენტების დრო აღარ არის, ჩვენ იუვენტუსის ისტორიის ახალ თავს ვიწყებთ.

„იუვენტუსს ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაც განვითარება შეუძლიათ და ვალდებულებიც კი არიან. მათ გარდა, გუნდში არიან გამოცდილი ფეხბურთელები: რონალდუ, კიელინი და ბონუჩი, რომლებიც თავისი გამოცდილებით გუნდს ულიდერებენ და ახალგაზრდა ფეხბურთელებს მაგალითს მისცემენ. მათ ახალ თაობას უნდა გააგებინონ, თუ რას ნიშნავს იუვენტუსი.

„მე იუვენტუსში 5 შესანიშნავი წელი გავატარე, მაგრამ ახლა ჩვენ ახალ ციკლს ვიწყებთ და თითოეული ტიტულის მოსაპოვებლად მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.

„მე ვამაყობ, რომ იუვენტუსმა ჩემი გუნდში დაბრუნება გადაწყვიტა და ქომაგების გულთბილი დახვედრა ძალიან სასიამოვნოა. ისინი იუვენტუსის განუყოფელი ნაწილები იქნებიან და ახლა, როდესაც ქომაგებს მატჩებზე დასწრების უფლება მიეცათ, მათი გვერდში დგომა ორმაგად მნიშნელოვანია.

„მე იუვენტუსში ძალიან წარმატებული პერიოდი გავატარე, მაგრამ წარსული გუნდს ახალ ტიტულებს ვერ მოუტანს და ჩვენ 22 აგვისტოდან მხოლოდ მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ. იუვენტუსის DNA ძალიან მარტივია, თავგანწირვა და გამარჯვება ნებისმიერ ფასად.

„რონალდუ ? ის დიდებული ფეხბურთელი და ჭკვიანი ბიჭია, ის ტურინში სულ ახლახანს დაბრუნდა და ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. რონალდუს გარდა მე გუნდის სხვა წევრებთანაც ვისაუბრე და არ მინდა იფიქროთ, რომ მხოლოდ კრიშტიანუს ვესაუბრები.

„მე რონალდუს ვუთხარი, რომ წინ ძალიან მნიშვნელოვანი სეზონი გველოდება და მიხარია, რომ ის ჩვენი გუნდის ნაწილი იქნება, მაგრამ მას ასევე ვუთხარი, რომ ასაკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე მას უფრო მეტი პასიხუსმგებლობა აქვს.

„რონალდუს რიცხვები იუვენტუსში ყოველგვარ კომენტარზე მეტია, ის უმაღლეს დონეზე ასპარეზობას განაგრძობს, მაგრამ მე მისგან თავისი შესანიშნავი კარიერიდან მიღებული გამოცდილების მეტად გამოყენებას ველოდები.

„ასევე მნიშვნელოვანი სეზონი ელოდება დიბალას. ის არის ფეხბურთელი, რომელმაც მეტი გოლი უნდა გაიტანოს. საერთო ჯამში გუნდით ძალიან კმაყოფილი ვარ და განსაკუთრებულად ფეხბურთელების ენთუზიაზმი მახარებს.

„ჩემთვის ახალი ფეხბურთელები გუნდში ? რაბიოს ძალიან კარგი მახასიათებლები აქვს, მაგრამ მას გასულ სეზონში 3 გატანილ გოლზე უფრო მეტი მართებს. მაკკენის გოლის გატანის შესანიშნავი ინსტიქტი აქვს, ის ცივსისხლიანობას არ კარგავს და თავითაც კარგად თამაშობს.

„ჩვენ ასევე გვყავს რონალდუ, მორატა, დიბალა, კიეზა, ბერნარდესკი, კულუშევსკი. ჩვენ მომდევნო სეზონში მინიმუმ 75 გოლი უნდა გავიტანოთ და იუვეს ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს.

„შეუძლია თუ არა დიბალას მსოფლიოს 5 საუკეთესო ფეხბურთელს შორის ყოფნა ? მისთვის გასული სეზონი საუკეთესო არ ყოფილა, მაგრამ სტატისტიკა მის სასარგებლოდ მეტყველებს. ის იუვენტუსში ჩემი ტურინში ყოფნის მეორე სეზონში გადმოვიდა, ახლა კი დიბალა 28 წლის არის და მე მას დიდ პატივს ვცემ. ახლა ის კაცია და ხვდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გუნდისთვის. მე მასზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ.

„მთავარი კონკურენტი მომდევნო სეზონში ? იტალიურ ფეხბურთში შესანიშნავმა მწვრთნელებმა მოიყარეს თავი. სპალეტი და მოურინიო დაბრუნდნენ, სარი ლაციოში წავიდა, ინძაგი ინტერში. ნერაძურიმ გასულ სეზონში სკუდეტო მოიგო და ვფიქრობ, რომ ისინი ფავორიტები არიან, მაგრამ ჩვენ ბოლო წამადმე ვიბრძოლებთ. შემდეგ კი არის სუპერ თასი, იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა, როგორც იუვენტუსი კი ჩვენ ყველა ფრონტზე უნდა ვიბრძოლოთ.

„5 ცვლილება ერთ მატჩში ? იმედი მაქვს, რომ რამეს არ ავურებ, რადგან ამას მიჩვეული არ ვარ. ეს მწვრთნელებისთვის საკმაოდ სასარგებლო რამ არის, თუმცა მე ჯერ 3 ცვლილებით დავიწყებ, როგორც მიჩვეული ვარ.

„ვუყურებდი თუ არა თამაშებს ? 16-წლიანი სამწვრთნელო კარიერის შემდეგ, მე ფეხბურთისგან დასვენება მსურდა, თუმცა ფეხბურთის გარეშე დიდი ხანი გაძლება რთულია და რა თქმა უნდა გარკვეულ მატჩებს თვალს ვადევნებდი.

„მომდევნო სეზონში ძალიან დაბალანსებული ჩემპიონატი გველოდება, რადგან ახლა მილანის ახალგაზრდა გუნდს უფრო მეტი გამოცდილება ექნება, ინტერი კი ჩემპიონის რანგში ფავორიტია. იტალიური ფეხბურთელების მოყვარულებს წინ ძალიან კარგი სანახაობა ელოდებათ, ჩვენ კი სტაბილურობა უნდა დავიბრუნოთ და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ.

„კულუშევსკი ? ცოტა დრო მომეცით, რადგან მისი ვარჯიში მხოლოდ 2-ჯერ ვნახე. ეჭვგარეშეა, რომ მას მუშაობა და განვითარება მართებს და ფაქტია, რომ მას ამის პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, რომ იუვენტუსის ღირებულებების ახალგაზრდა ფეხბურთელებში ჩადება ყველაზე მნიშვნელოვანია და მე სწორედ ამიტომ დამირეკეს. იუვენტუსის მწვრთნელობა ძალიან სახალისოა, რადგან გუნდში ბევრი პოტენციალია, რომლის გამოყენებაზეც ბევრი მუშაობა მოგვიწევს.

„შეიცვლება თუ არა სტანდარტულების შემსრულებლები ? კრიშტიანუ ჯარიმეს შორი დისტანციიდან შეასრულებს, დიბალა კი ახლოდან, თუმცა ერთი მარჯვენა ფეხით უკეთესია, მეორე კი მარცხენათ, ამიტომ პრობლემას ვერ ვხედავ.

„რამდენ ქულას ვუმიზნებთ ? ვფიქრობ, რომ 88 ქულით სკუდეტოს მოვიპოვებთ, მაგრამ ახლა ამ თემაზე საუბარი ადრეა.

„ითამაშებს თუ არა კუადრადო მარცხენა მცველის პოზიციაზე ? ახლა ამ თემებზე საუბარი ადრეა. ჩვენ ბალანსის პოვნა გვჭირდება, მე სავარჯიშო სესიებს გასართობად არ ვმართავ. გასული 2 წელი ფეხბურთელებისთვის ძალიან რთული გამოდგა, რადგან მათ თამაში ყოველ 3-4 დღეში ერთხელ უწევდათ, ამიტომ ჩვენ ბევრი როტაცია მოგვიწევს.

„ჩვენ უნდა ვიპოვნოთ ბალანსი და თითოეული ფეხბურთელი საუკეთესო კონდიციაში ვამყოფოთ. როგორც უკვე გითხარით, წინ ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ იუვენტუსს წარმოუდგენელი პოტენციალი აქვს.

„კიელინი ? ამ საკითხზე პრეზიდენტი გიპასუხებთ, მე კერუბინისთან, არივაბენესთან და ნედვედთან ერთად ვიმუშავებ, რომ იუვენტუსი სეზონის სტარტს მაქსიმალურად ბრძოლისუნარიანი გუნდით შეხვდეს.

„ჩემი ამოცანა შედეგების დადება და გუნდთან ერთად სრულ ჰარმონიაში მუშაობაა, როდესაც რაიმე სახის გადაწყვეტილება იქნება მისაღები, ამას ყველა ერთად გავაკეთებთ.

„ვიცე კაპიტანი ? კიელინის შემდეგ, ზედიზედ იუვეში გატარებული წლებით პირველ ადგილზე დიბალაა, ამიტომ ვიცე-კაპიტანი ის იქნება. ლეომ გუნდი დატოვა, ამიტომ თუ მას სამკლაური სურს, ეს უნდა დაიმსახუროს. როდესაც ის იუვეში დაბრუნდა, ბონუჩი სიაში ბოლო ადგილზე გადავიდა და ეს მან კარგად იცის.“

კიელინის შესახებ კომენტარი ანიელიმ გააკეთა:

„კიელინის შესახებ ჭორები ძალიან სასაცილოა. ჩვენ არ ვაპირებთ იმ ფეხბურთელების შეწუხებას, რომლებიც 2-წლიანი გაუჩერებელი თამაშის და ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფის შემდეგ ისვენებენ. კიელინისთან არანაირი პრობლემა არ არსებობს.“

ალეგრიმ გააგრძელა:

„ითამაშებს თუ არა რონალდუ ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე ? მე მხოლოდ ის ვიცი, რომ კრიშტიანუ ნებისმიერი პოზიციიდან მოახერხებს გოლის გატანას. დიბალა და რონალდუ ნადმვილი სნაიპერები არიან, თუმცა მე მეტ გოლს რაბიოსგან ველოდები, ადრიენმა და მაკკენიმ 10-10 გოლი უნდა გაიტანონ.


„არტური და ლოკატელი ? მე ლოკატელის და სატრანსფერო ფანჯრის შესახებ საუბარს არ ვაპირებ. არტურს რაც შეეხება, სამწუხაროდ მისი ვარჯიშის ყურების საშუალება ჯერ არ მქონია, რადგან ჩემი მოსვლისთანავე მან ოპერაცია გაიკეთა.

„არტურს პოტენციალი აშკარად ეტყობა და ვფიქრობ, რომ სტაბილურობასთან ერთად ის თავისი პოტენციალის სრულიად გამოვლენას მოახერხებს.

„ვუთხარი თუ არა რელას უარი ? დიახ, რადგან იუვენტუსმა მე ძალიან ბევრი მომცა და მე ბიანკოენრის რიგებში დაბრუნება მსურდა. იუვეს შესანიშნავი ახალგაზრდები ჰყავს, რომელთა გაწვრთნაც სახალისო იქნება.” – დაასრულა ალეგრიმ პრეს-კონფერენცია.