Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის 5-კაციანი სია ჩალჰანოღლუს შესაცვლელად…

მას შემდეგ, რაც ჰაკან ჩალჰანოღლუს მილანიდან წასვლა ოფიციალურად დადასტურდა, საკმაოდ დიდი დრო გავიდა და როსონერის მისი პოტენციური არაერთი შემცვლელი დაუკავშირეს, მაგრამ ჯერჯერობით როსონერი ტრანსფერს არ ჩქარობს.

MilanNews-ის ინფორმაციით, მალდინი-მასარას დუეტს 5-კაციანი სია უკვე შედგენილი აქვს და დიდი ალბათობით მილანის ათიანი სწორედ ერთ-ერთი მათგანი გახდება.

სიაში პირველი ფეხბურთელი კოლუმბიელი ხამეს როდრიგესია, რომელსაც ევერტონის დატოვება უნდა. ხამესს ინგლისელებთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მას გუნდის დატოვება უნდა, ამიტომ მისი სატრანსფერო ღრებულება არც თუ ისე დიდი – 10 მილიონი ევროა, რომლის გადახდაც როსონერის ნამდვილად შეუძლია. მთავარი პრობლემა ხამესის ტრანსფერში მისი ხელფასია, კოლუმბიელი წლიურ ანაზღაურებად 6-6.5 მილიონს ითხოვს, რის გადახდასაც მილანი არ აპირებს.

კიდევ ერთი გამოკვეთილი ვარიანტი მილანისთვის ლაიფციგის მარსელ საბისერია. 27 წლის ავსტრიელს გერმანელებთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და მისი გაფორმება როსონერის დაახლოებით 15-18 მილიონი დაუჯდება.

მესამე კანდიდატი ვერონას მატია ძაკანია, რომელსაც წინა ორის მსგავსად გუნდთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და მისი ღირებულებაც 15 მილიონის ფარგლებში მერყეობს, რის შემცირებასაც როსონერი ტრანსფერში კონტი-კალდარას ჩართვით ეცდება.

დანარჩენი ორი ფეხბურთელი დანი სებალოსი და ჰაკიმ ზიეიჩი გახლავთ, მაგრამ ამ მომენტისთვის მათი მილანში ხილვა რთული წარმოსადგენია, რადგან ორივე ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება და ხელფასი მილანისთვის ზედმეტად მაღალია, იჯარის შემთხვევაში კი გუნდს ფეხბურთელების დარწმუნება მოუწევს, რომ მათ ნაკლებ ხელფასზე თანხმობა განაცხადონ…