Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი იკარდის ტრანსფერს კვლავ განიხილავს

ოლივიე ჟირუს მილანში ტრანსფერი როსონერისთვის შესაძლოა საკმარისი არ გამოდგეს, რადგან როგორც გუშინ მოგახსენეთ, ზლატან იბრაჰიმოვიჩის სარეაბილიტაციო პროცესი არც თუ ისე წარმატებულად მიმდინარეობს და მას შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს, ამიტომ მილანი სცენარის ასეთ განვითარებას მომზადებული უნდა შეხვდეს.

მილანს ბოლო კვირეების განმავლობაში არაერთი ფორვარდი დაუკავშირეს, მაგრამ MilanNews-ის ინფორმაციით, მალდინის ერთ-ერთი ფავორიტი კანდიდატურა მაურო იკარდი გახლავთ.

ინტერის ყოფილ კაპიტანს გასულ სეზონში პსჟ-ს რიგებში ბევრი სათამაშო დრო არ მიეცა და მასზე წინ სასტარტო შემადგენლობაში ევერტონიდან იჯარით მისულ მოიზე კინს აყენებდნენ. ფრანგული გუნდი კინის იჯარის გახანგრძლივებაზე მუშაობს და თუ ევერტონთან შეთანხმებას მიაღწიეს, იკარდის სიტუაცია არც მომდევნო სეზონში გაუმჯობესდება, ამიტომ მისი გუნდიდან წასვლა გამორიცხული არ არის.

ყველაზე დიდი პრობლემა ფეხბურთელის ხელფასია. ის სეზონში 10 მილიონ ევროს იღებს და თუ პსჟ ფეხბურთელის ხელფასის ნაწილის გადახდას დათანხმდება, მილანი მისი იჯარით აყვანას შეეცდება.