Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი კიაერს გრძევადიან კონტრაქტს უმზადებს

სიმონ კიაერი მილანის რიგებში 2020 წლის იანვარში გამოჩნდა, როდესაც ის გუნდს სევილიადან იჯარის წესით შეუერთდა, სექტემბერში კი როსონერიმ მისი 3.5 მილიონ ევროდ გამოსყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

გუნდში მისვლისთანავე 32 წლის უკანახაზელი როგორც მოედანზე, ასევე გასახდელში როსონერის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და გასაკვირი არ არის, რომ მილანურ გრანდს დანიელ ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს.

კიაერის მიმდინარე კონტრაქტი მილანთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და MilanNews-ის ცნობით, როსონერი მზად არის მას კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივოს.

კიაერმა კარიერის მილანში დასრულების სურვილი არაერთხელ დააფიქსირა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ როსონერის მოლაპარაკებების დროს რაიმე სახის პრობლემა შეექმნას.