Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი – რომა პრევიუ

მილანი სერია ა-ში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერჯერობით 100-პროცენტიანი შედეგი აქვს და ამ სერიის გაგრძელებას ტურის ცენტრალურ მატჩში, რომას წინააღმდეგ შეეცდება, რომელიც ორშაბათს, 23:45 საათზე დაიწყება.

მილანს სერია ა-ში საწყისი 5 ტური ზედიზედ 1992-93 წლის შემდეგ არ მოუგია და ამის გასაკეთებლად ხვალჯალოროსის დამარცხება მოუწევს, რომელსაც თავის მხრივ ზედიზედ 3-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

სტეფანო პიოლის შესანიშნავი ტრანსფორმაცია არც თუ ისე კარგად მოთამაშე ფეხბურთელებიდან გამარჯვების მანქანამდე იმდენად შესანიშნავია, რამდენადაც მოულოდნელი…

პანდემიის შემდეგ, ევროპის ტოპ 5 ლიგაში მილანზე მეტი შეხვედრა არც ერთ გუნდს არ მოუგია. საერთო ჯამში დიავოლომ 13 შეხვედრაში იმარჯვა და მადრიდის რეალთან ერთად პირველ ადგილზე იმყოფება. ამის გარდა, მილანს 21-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რომელიც ასევე საუკეთესოა ევროპის მასშტაბით.

დიავოლომ სან სიროზე გამართულ ბოლო ორ შეხვედრაში რომას დამარცხება მოახერხა. ბოლო მილანმა სან სიროზე ჯალოროსის ზედიზედ 3 მატჩი 1996 წელს, ლეგენდარული ფაბიო კაპელოს ხელმძღვანელობით მოუგო.

რომა მილანთან შეხვედრას ევროპა ლიგაზე მოპოვებული 3 ქულის ფონზე ხვდება, სადაც ჯალოროსიმ იანგ ბოისი დაამარცხა.

ჯალოროსის მილანის წინააღმდეგ კრის სმოლინგი და ამადუ დიავარა დააკლდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია მოახერხებს თუ არა თამაშს ჯანლუკა მანჩინი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონა ვირუსი დაუდასტურდა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ მას ვირუსი არ აქვს…

მილანს რაც შეეხება, გუნდს ანტე რებიჩი დააკლდება, თუმცა არსებობს იმის შანსი, რომ ჰაკან ჩალჰანოღლუ მატჩში მონაწილეობის მიღებას მოახერხებს.