Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი ტორეირას იჯარით გაფორმებას გეგმავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი არსენალის ნახევარმცველის, ლუკას ტორეირას იჯარით აყვანას იანვარში აპირებს.

ტორეირა არსენალში 2018 წელს სამპდორიადან გადავიდა და სადებიუტო მატჩში ტოტენჰემის წინააღმდეგ გოლის გატანაც მოახერხა, თუმცა ამის შემდეგ მისი კარიერა მეთოფეების რიგებში არ აეწყო და ახლა ის იჯარით ატლეტიკოს ღირსებას იცავს.

ურუგვაელ ფეხბურთელს თამაში არც ესპანეთში წაუვიდა. მან მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 მატჩი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში და იმის მიუხედავად, რომ ატლეტიკოს ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე ჰყავს გაფორმებული, მის არსენალში დაბრუნებას ვადაზე ადრე აპირებენ.

ისმაელ ბენასერის ტრავმის შემდეგ კი, რომელსაც დაახლოებით ერთი თვე გაუცდება, მილანს ცენტრალური ნახევარდაცვის ზონაში მხოლოდ კესი და ტონალი დარჩა, ამიტომ გუნდს სერია ა-ს და ევროპა ლიგის დატვირთულ მატჩებში ნახევარდაცვის გაძლიერება აუცილებლად დასჭირდება და 24 წლის ფეხბურთელი, რომელსაც სერია ა-ში თამაშის კარგი გამოცდილება აქვს, იდეალური ვარიანტი იქნება.