Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი ცენტრალური მცველის გარეშე…

სატრანსფერო ფანჯარა დასრულდა, თუმცა როსონერიმ ცენტრალური მცველის დამატება ვერ მოახერხა.

პასიური სტარტის შემდეგ, მილანის ხელმძღვანელობამ არაერთი ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა. დიეგო დალოტი, იანს პეტერ ჰაუგე, ტატარუსანუ, სანდტო ტონალი, ბრაჰიმ დიასი და კალულუ გუნდს ნამდვილად გააძლიერებენ, თუმცა დიავოლოს ერთ-ერთი პრიორიტეტული ზონა, სადაც გუნდს ფეხბურთელის დამატება სჭირდებოდა და ეს სტეფანო პიოლიმ არაერთხელ დაადასტურა, დაცვის ცენტრი იყო…

სატრანსფერო ფანჯრის პირველი დღიდან მილანს უამრავი მცველი დაუკავშირეს და ყველას ეგონა, რომ დიავოლო ფანჯრის ბოლო დღეს ერთ-ერთ მათგანს აუცილებლად დაიმატებდა, ამის მაგივრად კი როსონერი ერთი ვარიანტიდან მეორეზე გადადიოდა და შედარებით იაფი ვარიანტის ძებნაში ისე გამოვიდა, რომ მათ დაცვის ცენტრში მხოლოდ რომანიოლი, კიაერი, მუსაკო და გაბია დარჩათ.

ლუკას პაკეტას გაყიდვის და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შემდეგ, გუნდს დაახლოებით 35-40 მილიონი ევრო შეუვიდა და ყველას ეგონა, რომ ამ თანხას ცენტრალური მცველის ტრანსფერში დახარჯავდა. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში მილანს ჰქონდა მცდელობა, რომ სტრასბურგიდან მოჰამედ სიმაკანი დაემატებინა და მის სანაცვლოდ ფრანგებს 12 მილიონი ევრო შესთავაზა, რასაც 3 მილიონი ბონუსების სახით დაემატებოდა, მაგრამ სტრასბურგს ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი სურდა, რისი გადახდაც მალდინიმ არ ისურვა…

ტრავმირებული რომანიოლის და მუსაკოს და ახალგაზრდა და არასტაბილური გაბიას ყოფნით კი მილანი თავს საკმაოდ დიდ საფრთხეში იგდებს, რადგან გუნდს წინ ძალიან დატვირთული სეზონი ელოდება, ტრავმებისგან კი დაზღვეული არავინ არ არის…