Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი 5 ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს…

მენიო-ტომორის გაფორმების შემდეგ, მილანი სატრანსფერო სტრატეგიის შემდეგ სვლებს გეგმავს და ახალი ტრანსფერების განსახორციელებლად, ფეხბურთელების გაყიდვაზე მუშსაობს.

MilanNews-ის ინფორმაციით, მალდინი-მასარას დუეტი ზაფხულში 5 ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს, მიღებული თანხით კი პრობლემურ პოზიციებს გააძლიერებს.

რაფაელ ლეაო: ლეაოს პიოლისგან გასულ სეზონში საკმარისზე მეტი ნდობა ჰქონდა და პორტუგალიელი დროის ნაკლებობაზე ნამდვილად ვერ დაიჩივლებს, თუმცა მან მოლოდინების გამართლება ვერ მოახერხა. როსონერი მზად არის ლეაო 25-30 მილიონის სანაცვლოდ გაყიდოს და მას მსურველები ინგლისში, გერმანიასა და საფრანგეთში ჰყავს.

იენს პეტერ ჰაუგე: ჰაუგე მილანმა ბოდო/გლიმტიდან მხოლოდ 4 მილიონის სანაცვლოდ გაიფორმა და ნორვეგიელმა არც თუ ისე ბევრი შანსის მიუხედავად საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მან სტეფანო პიოლის გული ვერ მოიგო და როსონერი მზად არის ის 15 მილიონად გაყიდოს. ყველაზე მეტად მის ტრანსფერზე აინტრახტი და ვოლფსბურგი აქტიურობენ

ანდრეა კონტი: კონტიმ გასული 6 თვე პარმაში, იჯარის წესით გაატარა და ჯალობლუს სერია ა-ში დარჩენა რომ მოეხერხებინა, ახლა კონტი პარმას სრულუფლებიანი წევრი იქნებოდა, თუმცა მათ ეს ვერ მოახერხეს და კონტრაქტში მითითებული პუნქტის ამოქმედების ვალდებულებაც აღარ შეექმნათ, ამიტომ ანდრეა მილანში დაბრუნდა. კონტის ტრანსფერით ჯენოა და სამპდორია ინტერესდებიან და როსონერი მზად არის ის 5-6 მილიონის სანაცვლოდ გაყიდოს.

მატია კალდარა: კალდარა მილანს ატალანტაში გატარებული 18-თვიანი იჯარიდან უბრუნდება. ბერგამოელებს კონტრაქტის მიხედვით მისი გამოსყიდვა შეეძლოთ, რაც საბოლოო ჯამში არ მოისურვეს და როსონერის მისი გაყიდვა სურს, თუმცა პირველ რიგში პიოლი ფეხბურთელს სეზონის წინ მოსამზადებელ პერიოდში დააკვირდება.

ტომაზო პობეგა: პობეგას სპეციაში შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და ის მილანში დაბრუნდა, თუმცა როგორც ჩანს, არც თუ ისე დიდი ხნით. ბერგამოელებმა როსონერის ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონი შესთავაზეს, მალდინი კი 15 მილიონს ითხოვს და მხარეები მოლაპარაკებებს განაგრძობენ.

სამუ კასტილეხო: 2018 წელს ვილიარეალიდან 21.3 მილიონის სანაცვლოდ გადაბარგების შემდეგ, კასტილეხომ მილანის რიგებში ვერც ერთი წარმატებული სეზონი ვერ ჩაატარა და მისი გუნდიდან წასვლა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფაქტობრივად გადაწდყვეტილია. ესპანელ ფეხბურთელს ყველაზე ხშირად რეალ ბეტისს უკავშირებენ და დიავოლოს მის სანაცვლოდ 6-7 მილიონის გამომუშავების იმედი აქვს.