Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ზაფხულის სატრანსფერო სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავს

მილანი სიმონ კიაერის შემცვლელის ძიებას განაგრძობს, თუმცა მწირი ბიუჯეტის გამო როსონერი პრიორიტეტული სამიზნეების გაფორმებას ვერ მოახერხებს და დიდი ალბათობით რომელიმე ცენტრალური მცველის იჯარას დასჯერდება, ამ მომენტისთვის კი ყველაზე ხშირად იტალიურ გრანდს მანჩესტერ იუნაიტედის ერიკ ბაის უკავშირებენ.

SportMediaset-ის ინფორმაციით, როსონერი დაცვის ცენტრალური ზონის გაძლიერებაზე მუშაობას ზაფხულში მიუბრუნდება და მათ პრიორიტეტული სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავთ.

წყაროს მტკიცებით, მალდინი-მასარას მილანის რიგებში ტორინოს ბრაზილიელი უკანახაზელის გლეისონ ბრემერის ხილვა სურთ, რომელმაც გასულ ტურში ფიორენტინას წინააღმდეგ კიდევ ერთი დიდებული მატჩი ჩაატარა და სერია ა-ს ბომბარდირის დუშან ვლაჰოვიჩის განეიტრალება მოახერხა.

მისი კონტრაქტი ტორინოსთან 2023 წლის ზაფხულში იწურება და ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს, ამიტომ ტურინელებს მისი გაყიდვა მოუწევთ.