Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანს სეზონის ბოლომდე 5 ფეხბურთელის ბედის გადაწყვეტა მოუწევს

მილანის ახლანდელი ხელმძღვანელობა თავის საქმეს იდეალურად აკეთებს. მოედანზე მიღწეული წარმატების გარდა, Elliott Management-მა მოახერხა, რომ 2018 წელთან შედარებით ფეხბურთელების საერთო ხელფასი 32 პროცენტით შეემცირებინა, რამაც გუნდს ფინანსური სტაბილურობა და ახალგაზრდა ტალანტების გაფორმების საშუალება მისცა.

როსონერის ხელმძღვანელობას 5 ფეხბურთელთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, რადგან მათი კონტრაქტები უახლოეს 2 სეზონში იწურება.

1 – ანდრეა კონტი

ერთ დროს იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი მარჯვენა მცველი, რომელსაც მილანის მომავალ ლიდერს და კაპიტანს უწოდებდნენ, მაგრამ გაუთავებელმა ტრავმებმა და იმის საჭიროებამ, რომ გუნდს მისი შემცვლელის ძებნა დასჭირდა, კონტის კარიერა სულ სხვა გზით წაიყვანა.

დავიდე კალაბრიას ფორმის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კონტიმ ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვება მოახერხოს და სანამ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მილანმა ფეხბურთელის გაყიდვაზე უნდა იფიქროს.

26 წლის ფეხბურთელი, რომელსაც კონტრაქტი 2022 წლის ივნისს ეწურება, სეზონში 2 მილიონ ევროს იღებს, რაც დღევანდელი ფეხბურთისთვის ბევრი სულაც არ არის, თუმცა ამ თანხის გამოყენება გუნდს სხვა პერსპექტიული ფეხბურთელების მოსაზიდად შეუძლია.

2 – მატეო მუსაჩო

როდესაც მატეო მუსაჩო მილანში მივიდა, გუნდი მასზე დიდ იმედებს ამყარებდა. ძალიან მაღალ დონეზე მოთამაშე ცენტრალური მცველი, რომელსაც ბურთთან შესანიშნავად შეეძლო მობყრობა.

სამწუხაროდ 30 წლის არგენტინელი იტალიურ ფეხბურთს ვერ მოერგო, რასაც გაუთავებელი ტრავმებიც დაემატა და მილანში ვერც ერთი მწვრთნელის ხელში ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვება ვერ მოახერხა.

მუსაჩოს კონტრაქტი მილანთან 2021 წელს იწურება. მილანი მის გასხვისებას იანვარში შეეცდება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე გუნდმა მასში ფულის გადახდა მოინდომოს და დიდი ალბათობით არგენტინელი როსონერის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

3 – სიმონ კიაერი

მილანში მისვლის შემდეგ, კიაერი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და სტეფანო პიოლის ძირითადი თერთმეტეულის მუდმივი წევრი გახდა.

31 წლის ფეხბურთელი მილანის პოლიტიკას, რომ გუნდი მაქსიმალურად ახალგაზრდა ნიჭიერ მოთამაშეებზეა ორიენტირებული, სრულიად ეწინააღმდეგება, თუმცა მისი თამაშიდან გამომდინარე თითქმის გადაწყვეტილია, რომ მალდინი მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. კიაერის ახლანდელი ხელშეკრულება მილანთან 2022 წლის ივნისში იწურება.

4 – სამუ კასტილეხო

კასტილეხოსთან მიმართებაში მილანის ხელმძღვანელობას ბევრი ფიქრი მოუწევს. 25 წლის ფეხბურთელს მილანში როგორც ძალიან კარგი, ასევე ძალიან ცუდი პერიოდიც ახსოვს.

ახალი არავისთვისაა, რომ როსონერი ხარისხიან, სტაბილურ და გუნდისთვის შეტევაში სარგებლის მომტან მარჯვენა ფლანგელს ეძებს, რომელიც კასტილეხო ნამდვილად არ არის და მისი იმედი ვერც სათადარიგო სკამზე გექნება…

მიუხედავად იმისა, რომ მან სელტიკთან, ლილთან და სამპდორიასთან გოლების გატანა მოახერხა, ძირითადის ფეხბურთელად მის პოზიციაზე საელემაეკერსი ითვლება, ფეხბურთელი, რომელსაც განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

კასტილეხოს კონტრაქტი მილანთან 2023 წელს იწურება და მისი ტრანსფერით რამდენიმე ესპანური გუნდი ინტერესდება, ამიტომ როსონერისთვის მისი გაყიდვა და მიღებული თანხით სხვა პოზიციების გაძლიერება უფრო ლოგიკური იქნება, ვიდრე კონტრაქტის გახანგრძლივება.

5 – ჰაკან ჩალჰანოღლუ

ჩალჰანოღლუს კონტრაქტის საგა მილანის გულშემატკივრებში უფრო და უფრო მეტ გაღიზიანებას იწვევს.

2017 წელს ლევერკუზენიდან მილანში გადასვლის შემდეგ, თურქი ფეხბურთელი გუნდის ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო. მაშინაც კი, როდესაც გუნდს არც თუ ისე კარგი პერიოდი ჰქონდა, ის როსონერის იშვიათი ნათელი წერტილი იყო და გუნდისთვის გოლების და საგოლე გადაცემების მოტანას ყოველთვის ახერხებდა.

სტეფანო პიოლის გუნდში გამოჩენის შემდეგ კი ჰაკანმა თავისი ტალანტის მაქსიმალურად გამოჩენა მოახერხა, ფორმის პიკს მიაღწია და მილანის უპირობო ლიდერი გახდა.

ყველაზე დიდი პრობლემა მისი კონტრაქტი და მოთხოვნილი ხელფასია. ჩალჰანოღლუ სეზონში 2.5 მილიონ ევროს იღებს და მისი ხელშეკრულება მილანთან სეზონის ბოლოს იწურება. როსონერიმ ფეხბურთელს ახალი, 4-წლიანი კონტრაქტი და სეზონში 3.5 მილიონი ევრო უკვე შესთავაზა, რომელსაც სხვადასხვა ბონუსები დაემატება და ჰაკანი სეზონში 4 მილიონს მიიღებს, მაგრამ…

თურქი ფეხბურთელი მზად არის, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გუნდის ლიდერობა და კარიერის საუკეთესო პერიოდი 2 მილიონის გამო დათმოს და ასეთი მიდგომა მალდინის მისი იანვარში გაყიდვისკენ უბიძგებს, რაც როგორც გუნდს, ასევე თავად ჩალჰანოღლუს საკმაოდ დიდ დარტყმას მიაყენებს…