Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მორატი:“ ნერაძურიმ კონტე უნდა შეინარჩუნოს“

ინტერის ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ ნერაძურის სკუდეტოს მოპოვება მიულოცა და აღნიშნა, რომ გუნდმა ანტონიო კონტე აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს.

„ინტერის სკუდეტოს მოპოვების შემდეგ პირველად მამაჩემი ანჯელო, ფაჩეტი, პრისკო და მაურო ბელუჯი გამახსენდა, რომლებიც ძალიან დიდი ინტერისტები იყვნენ და ამ უდიდეს წარმატებას მთელი გულით იზეიმებდნენ.

„როგორც იქნა, ჩვენ დამსახურებული და მონატრებული სკუდეტოს მოპოვება მოვახერხეთ, რაც მთელი მსოფლიოს ინტერისტებს ძალიან დიდი სიამაყის საშუალებას გვაძლევს.

„სტივენ ჟანგს წარმატება უკვე მივულოცე, ჩვენ ძალიან ემოციური საუბარი გამოგვივიდა. როდესაც გუნდის ხელმძღვანელი ხარ, ტიტულის მოგების შემდეგ სრულიად სხვა გრძნობა გეუფლება, ახლა კი მე ბევრად უფრო მშვიდად ვარ, თუმცა არანაკლებ გახარებული.

„ამ ინტერს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ ტიტულების მოგება გააგრძელოს და წარმატებას ჩემპიონთა ლიგაზეც მიაღწიოს.

„Suning-ს ძალიან დიდი გეგმები აქვს, კორონა ვირუსის გამო მათ გარკვეული პრობლემები შეექმნათ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლა ყველაფერი გაცილებით კარგად არის.

„კონტე ? ამ სკუდეტოში მისი დამსახურება ძალიან დიდია. მოედნის გარეთ მიმდინარე პროცესებისგან გუნდის დაცვა ასეთ რთულ დროს მარტივი არ იყო, მაგრამ ანტონიომ თავი ამ ყველაფერს შესანიშნავად გაართვა.

„ინტერმა კონტე აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს და მასთან ერთად ახალი ეპოქა შექმნას. კონტესა და ანიელის დაპირისპირებამ Coppa Italia-ს მატჩის დროს კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ის უკვე ნამდვილი ინტერისტა და ანტი-იუვენტინოა.“

გათიშვა