Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიოს პირველი პრეს-კონფერენცია რომას რიგებში

რომამ ჟოზე მოურინიო, რომელმაც გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, დღეს წარადგინა და ‘გამორჩეულმა’ პრეს-კონფერენციაზე საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მინდა ქომაგებს უდიდესი მადლობა გადავუხადო იმ თბილი დახვედრისთვის, რაც მათ დამანახეს. ეს ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო იყო, რადგან მე ჯერ არაფერი გამიკეთებია.

„დენ და რაიან ფრიდკინებს ამბიციური პროექტი აქვთ, მათ რომას ნათელი მომავლის აშენება სურთ. ზოგჯერ გუნდები მწვრთნელებს სამუშაოდ დროს საერთოდ არ აძლევენ და შედეგებს დაუყოვნებლივ ითხოვენ, მაგრამ აქ ჩვენ ვიცით, რომ წინ დიდი სამუშაო გველოდება, რომელიც საბოლოოდ მნიშვნელოვან შედეგებამდე მიგვიყვანს.

„რომას არ სურს, რომ გამარჯვება ახლავე მოიპოვოს, ჩვენი მიზანი ხანგრძლივი პროექტის შექმნაა, რომელიც გუნდს არა ერთჯერად გამარჯვებას მოუტანს, არამედ მას ახალ სიმაღლეებზე აიყვანს.

„როგორ მომწონს ქალაქი ? რომი შესანიშნავი ადგილია, მაგრამ მე აქ დასასვენებლად არ ვარ. მე იტალია ძალიან მომენატრა, ამ ქვეყანასთან შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს და სხვა საკითხებზე ჯერჯერობით დრო არ გვრჩება.“

როგორ შეცვლით გუნდის მენტალობას ?

„პირველ რიგში საჭიროა ფეხბურთელების კარგად გაცნობა. ჯერჯერობით რაიმეს შეცვლა შეუძლებელია, რადგან მე მათ არ ვიცნობ. დღეს პირველი სავარჯიშო სეზონი იქნება და მინდა ფეხბურთელებმა ახლავე გაიგონ, თუ რა სტილის სამუშაო გველოდება. მე ყველასგან ყოველთვის 100 პროცენტით დახარჯვას მოვითხოვ.

„მე კარანტინის პერიოდი ტრიგორიას ბაზაზე გავატარე და აქ მყოფი ადამიანებისგან გამარჯვების ძალიან დიდი სურვილი დავინახე, რაც ძალიან დაგვეხმარება.“

მედიაში იწერებოდა, რომ მოურინიომ დონარუმას და რამოსის რომაში მიყვანა სცადა.

„მე არავისთან მისაუბრია. მე მხოლოდ გუნდის დირექტორს და მფლობელებს ვესაუბრები და არა ფეხბურთელებს.“

არის თუ არა ეს თქვენს კარიერაში ყველაზე დიდი გამოწვევა ?

„ყოველი მომდევნო გამოწვევა ჩემთვის წინაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ დიახ.

„როდესაც ჩვენ იტალიურ ფეხბურთზე ვსაუბრობთ, ჩვენ ევროპის ჩემპიონატის ფინალისტები გვაქვს მხედველობაში, რადგან აძურის უდიდესი ნაწილი სწორედ სერია ა-ში თამაშობს. თუ დღეს იტალიურ ჩემპიონატს საუკეთესოდ არ მოიაზრებენ, ამის გამოსასწორებლად ჩვენ მეტი უნდა ვიმუშაოდ, რადგან რეალურად ეს ასე არ არის.

„ჩემი პრიორიტეტი რომაა, მაგრამ ჩვენ ერთად იტალიურ ფეხბურთს ვქმნით.“

რას ფიქრობთ ჯეკოს შესახებ ?

„ჯერჯერობით ამ თემაზე მედიასთან საუბარს არ ვაპირებ. ჩემს გადაწყვეტილებას პირველი გუნდის დირექტორები გაიგებენ.“

სპინაცოლა და კრისტანტე ?

„ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი ფეხბურთელები იტალიის ნაკრებში არიან და მათ ევროპის ჩემპიონობის კარგი შანსი აქვთ.

„მე მათთან ჯერ არ მიმუშავია, მაგრამ ვგრძნობ, რომ ისინი ჩემი ფეხბურთელები არიან. იტალიის ნაკრებში მოხვედრა მარტივი არ არის და კრისტანტემ ეს მოახერხა. მართალია ის ძირითადში ვერ ხვდება, მაგრამ იტალიას 26 უძლიერესი ფეხბურთელი ჰყავს, საიდანაც სასტარტოში მხოლოდ 11 მათგანი ხვდება და მანჩინი ამას ვერ შეცვლის.

„სპინაცოლას რაც შეეხება, მისი ტრავმა ძალიან საწყენი სიტუაციაა. ის პოზიტიური ადამიანია, რომელიც ჩვენ საკმაოდ დიდი ხანი ვერ დაგვეხმარება და ეს როგორც მისთვის, ასევე ჩვენთვის ძალიან საწყენია.

„ჩვენ გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები როგორიც რიკარდო კალაფორია, მაგრამ ჩვენ მარცხენა ფლანგზე ფეხბურთელი გვჭირდება, ბოდიში დირექტორო.“

რა შეიცვალა 2010 წლის შემდეგ, როდესაც მან ინტერი დატოვა ?

„მე რომას მწვრთნელი ვარ და სხვა არაფერი მინდა. აქ ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს, რომელზეც მე დღეში თითქმის 24 საათის განმავლობაში მომიწევს მუშაობა, იმ პერიოდის გარდა, როდესაც მძინავს.

„ახლა მე უფრო მეტი გამოცდილება მაქვს, ემოციურად თვს უკეთესად ვაკონტროლებ და არანაირი უსიამოვნება არ მჭირდება. ჩემი მთავარი ამოცანა რომას განვითარება და მისი წარმატებაა.

„მანჩესტერში მე 3 ტიტული მოვიგე და ეს ისე იყო მიღებული, როგორც კატასტროფა. ტოტენჰემში მივაღწიე თასის ფინალს, რომლის თამაშის საშუალებაც არ მომცეს, საბედნიეროდ აქ ასეთი რამ აღარ განმეორდება.“

იტალიაში ქომაგების უმეტესობა მოურინიოს ოვაციებით შეხვდა, მაგრამ იყვნენ ისინიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ მოურინიო ის აღარ არის, ვინც წლების წინ იყო.

„ამ თემასთა ნდაკავშირებით სათქმელი არაფერი მაქვს. ბოლო 3 გუნდში, სადაც მე ვიმუშავე, ჩელსიში ტიტული მოვიგე, 3 ტიტული მანჩესტერში, ტოტენჰემში კი ფინალში გავედი.“

იქნება თუ არა სეზონის უტიტულოდ დასრულება კატასტროფა ?

„თქვენ ყოველთვის ტიტულებზე საუბრობთ, ჩვენ კი პროექტის წარმატება გვაინტერესებს. ტიტულის დაპირება მარტივია, მაგრამ დღევანდელი რეალობა სხვა. ჩვენი მიზანი პროექტის განვითარება და წინსვლაა, რომას მფლობელების მიზანი არა ერთჯერადი წარმატება, არამედ ჯალოროსის უმაღლეს საფეხურზე აყვანაა, რაც გაცილებით უფრო რთული პროცედურაა.

„მარტივია გამარჯვება და შემდეგ ფეხბურთელებისთვის ხელფასების ვერგადახდა, ჩვენ კი გუნდის სტაბილური განვითარება გვსურს, შემდეგ კი ტიტულისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ.“

„ძანიოლო ? ის უდიდესი ტალანტია, როგორც სხვა უამრავო რომაში. ჩვენ მისი ტრავმების ისტორია კარგად ვიცით და მისთვის იდეალური გამოსავალი უნდა ვიპოვნოთ, რომ თავისი პოტენციალის გამოვლენა მაქსიმალურად მოახერხოს.“

ტაქტიკური იდეა რომასთვი ?

„ჩვენ ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ. ჩვენ გვსურს, რომ შემადგენლობისგან მაქსიმუმი მივიღოთ და შესაბამისი სქემა შევქმნათ.

„ფეხბურთი ბოლო წლებში ძალიან შეიცვალა და ახლა ერთ სისტემაზე დამოკიდებული ვერ იქნები. დღეს შენ თამაშის მსვლელობისას სქემის შეცვლა შესაძლოა რამდენჯერმე მოგიწიოს.“

სად ხედავთ რომას 3 წლის შემდეგ ?

„ჩვენ ვზეიმობთ, რას ? რაღაცას…“