Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ დომინანტი რომა და დამსახურებული გამარჯვება“

რომას თავკაცმა ჟოზე მოურინიომ სალერნიტანასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„დღევანდელი მატჩის არმოგება შეუძლებელი იყო. მე პირველივე წუთიდან მშვიდად ვიყავი და ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ჩვენ მეტოქე გუნდის დაცვას სუსტ წერტილს ვუპოვნიდით და დამსახურებულ ქულებს ავიღებდით. დღეს ჩვენ მთელი მატჩი ვდომინირებდით და მაშინაც არ გავჩერდით, როდესაც შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო.

„ზოგმა შესაძლოა თქვას, რომ პირველ ტაიმში ბევრი მომენტი არ შეგვიქმნია, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრის უფლება არც მეტოქეს მივეცით. ჩვენ მთელი მატჩი ბურთს ვაკონტროლებდით, მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს ვღლიდით, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო.“

მოურინიომ რომას რიგებში ოთხივე მატჩის მოგება მოახერხა.

„მე იტალიაში დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ. გუნდში, რომელსაც ნამდვილი ქომაგები ჰყავს, ადამიანები, რომლებსაც რომას მიმართ ვნება და სიყვარული ამოძრავებთ. მე ეს გრძნობა ძალიან მჭირდებოდა.

„ფრიდკინებმა ჩემი დარწმუნება ერთი სიტყვით მოახერხეს და ეს იყო – დრო. როდესაც იცი, რომ სამუშაოდ დრო გაქვს, ყველაფერს უფრო მშვიდად აკეთებ. მე ბევრი დრო არ მჭირდება, მაგრამ პირველივე წამიდან ტიტულებისთვის ბრძოლის მოთხოვნა წარმოუდგენელია.

„როდესაც სათადარიგოთა სკამს ვუყურებ ვხვდები, რომ ჩვენ გამოცდილება გვაკლია და არიან გუნდები, რომლებსაც ჩვენზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ, მაგრამ მე ჩემს ბიჭებთან მუშაობით ძალიან ბედნიერი ვარ და ნებისმიერ გრანდთან ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

„შესაძლოა ყოველთვის ვერ გავიმარჯვოთ, მაგრამ ჩვენი იდენტობა და მენტალობა მეტოქის მიხედვით არ უნდა იცვლებოდეს.“

სერია ა გამორჩეულმა ვარსკვლავებმა დატოვეს, მაგრამ ფეხბურთს ისეთი მწვრთნელები დაუბრუნდნენ, როგორებიც მოურინიო, სარი, ალეგრი, სპალეტი არიან.

„ბედნიერი ვარ, როდესაც მწვრთნელების ახალი გენერაცია მოდის. მე დონ კლაუდიო რანიერის და ანტონიო კონტეს მოლოდინში ვარ, მაგრამ ისიც უდნა ითქვას, რომ ფეხბურთელები ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანები არიან, ვიდრე მწვრთნელები.“