Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ რომაში დიდი ხნით ვაპირებ დარჩენას…“

ჟოზე მოურინიო დღეს რომში ჩაფრინდა და ჯალოროსის რიგებში ახალი თავგადასავალი უკვე ოფიციალურად დაიწყო.

პრეზენტაციის შემდეგ, პორტუგალიელმა სპეციალისტმა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მე აქ ძალიან დიდი ენთუზიაზმით ჩამოვედი და ერთი სული მაქვს, თუ როდის მომეცემა მუშაობის დაწყების საშუალება. როდესაც მე ტიაგუ პინტუს შევხვდი მაშინვე მივხვდი, რომ ჩვენ შეთანხმებას მოვახერხებდით.

„ჩვენ ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბარი გვქონდა, გავცვალეთ იდეები, ხედვები და მისმა მონდომებამ ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა.

„პირველივე დღეს მივხვდი, რომ ეს არა მოურინიოს, ფრიდკინის, პონტუს ან რომელიმე სხვა ადამიანის, არამედ სრულიად რომას ამბიციური პროექტი იყო. ფრიდკინებთან პირველი შეხვედრის დროს ისინი არა პროექტზე და გუნდზე, არამედ რომას დიდებულ ქომაგებზე საუბრობდნენ.

„ჩვენ რომაში ძალიან ამბიციურ პროექტს ვიწყებთ, რომელსაც გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა მისი მიღწევის შემდეგ პროექტი რომას დიდ წარმატებებს მოუტანს.

„უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლისთვის გუნდს ძლიერი ფუნდამენტი სჭირდება და ჩემი მთავარი მიზანი სწორედ მისი ჩაყრა იქნება. მე რომასთან 3-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე და დრო საკმარისზე მეტი გვაქვს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ერთ დღეს ხელშეკრულება გავახანგრძლივო.

„ჩვენ გვსურს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ავაშენოთ და გუნდის ორგანიზება ყველა ასპექტში გავაუმჯობესოთ. სამწვრთნელო ბაზიდან დაწყებული, შემადგენლობით დამთავრებული, ჩვენ წინ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, რომელსაც ერთობლივად, გუნდურად გავაკეთებთ და წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ.

„რომაში მომუშავე თითოეული ადამიანი ძალიან გახსნილია და ყველა მზად არის, დახმარების ხელი გამოგიწოდოს.“

მოურინიო სერია ა-ში 11 წლის შემდეგ ბრუნდება. მან სერია ა ინტერის რიგებში მოპოვებული ლეგენდარული ტრებლით დატოვა.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ახლა მე უკეთესი მწვრთნელი ვარ, რომელიც საქმეს უფრო სერიოზულად ეკიდება. რომას სჭირდებოდა მწვრთნელი, რომელსაც გამოცდილება ჰქონდა და მე ამ კრიტერიუმს ნამდვილად ვაკმაყოფილებ.

„ტრანსფერები ? დარწმუნებული ვარ, რომ ტიაგუ პინტუ გარკვეულ საჩუქრებს გამიკეთებს და ახალ ფეხბურთელებს აუცილებლად მოიყვანს, მე ეს ძალიან გამახარებს.

„ჩვენ სეზონისთვის მომზადებას 1 კვირაში დავიწყებთ. ის ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდნენ, ოდნავ გვიან შემოგვიერთდებიან, მაგრამ წინ ძალიან კარგი დრო გველოდება.“