Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ სამწუხაროდ, ძანიოლო რომაში რჩება, ნაპოლიმ სკუდეტო უკვე მოიგო“

რომას მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ნაპოლისთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და სხვადასხვა საინტერესო თემას, მათ შორის ნიკოლო ძანიოლოს საკითხს შეეხო.

„ძანიოლო თვეების განმავლობაში გვეუბნებოდა, რომ მას რომაში დარჩენა არ სურს და გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი, თუმცა როგორც მე ვამბობდი ის სავარაუდოდ გუნდში დარჩება, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან მე მჭირდება ფეხბურთელები, რომლებსაც რომასთვის ბრძოლა უნდათ.

„მე ვამბობ სამწუხაროდ, რადგან როდესაც ფეხბურთელს გუნდიდან წასვლა უნდა და ამას თვეების განმავლობაში ამბობს, თუმცა ის სასურველ შედეგს ვერ აღწევს, ეს ნამდვილად სამწუხაროა როგორც ფეხბურთელისთვის, ასევე გუნდისთვის.

„ხვალ ნიკოლო გუნდის განაცხადში არ იქნება, რადგან ის რომას პროექტის ნაწილი არ არის, ახლა კი ჩემი საზრუნავი ნაპოლია, ჩვენ ურთილესი მატჩი გველდოება და მე არ მაქვს იმის ფუფუნება, რომ სხვა საკითხებზე ვიფიქრო.

„კარსდორპი ? რიკი გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა თუ ფეხბურთელს თამაში არ უნდა, ჩვენ მას ვერ ვაიძულებთ. სანამ მას სურს, რომ რომას მაისურით არ ითამაშოს, ეს არ შეიცვლება.

„ნაპოლი ? მათ სკუდეტო უკვე მოიპოვეს და ეს სრულიად დამსახურებულად გააკეთეს. პარტენოპეი დიდებული გუნდია, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს, ისინი მეტოქეებს 12 ქულით უსწრებენ, ამიტომ ტიტულის ბედი უკვე გადაწყვეტილია.

„შომუროდოვი ? ის ძალიან კარგი ბიჭია, რომელიც თამაშს ნამდვილად იმსახურებს, თუმცა მის პოზიციაზე ჩვენ დიდი კონკურენცია გვაქვს. ელდორი გუნდს იჯარით ტოვებს და არ არის გამორიცხული, ის სეზონის ბოლოს დაბრუნდეს.

„ჰყავს თუ არა ნაპოლის დიბალას მსგავსი ფეხბურთელები ? ნაპოლის უამრავი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ დიბალა გამორჩეულია. მე კიმის გაფორმება ტოტენჰემში მსურდა და ვიცი, თუ რამდენად მაღალი დონის მცველია ის.

„როგორ შეუძლიათ ინგლისის მცირე გუნდებს რომას მოთხოვნების დაკმაყოფილება ძანიოლოს ტრანსფერში, თუმცა იტალიურ გრანდებს უჭირთ ? ყველაფერი სატელევიზიო უფლებების გაყიდვით მიღებული თანხების დამსახურებაა. ამით ისინი უფრო მეტ ფულს იღებენ, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშით, პრემიერ ლიგა ფინანსური კუთხით სხვა ჩემპიონატებზე ერთი თავით მაღლა დგას.“

„ჩემი მომავალი ? ახლა მე მხოლოდ რომზე და რომაზე ვფიქრობ, არა სამომავლო გეგმებზე.“