Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნანდესი:“ კალიარიმ სიტყვა მომცა, რომ ინტერში გამიშვებდა…“

ურუგვაელმა ფეხბურთელმა ნაიტან ნანდესმა კალიარის ქომაგებს ბოდიში მოუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ გუნდის ხელმძღვანელობამ მას ინტერში გაშვების პირობა მისცა და მის ასრულებას ითხოვს.

ინტერსა და კალიარის შორის ნანდესის ტრანსფერზე მოლაპარაკებები რამდენიმე კვირა გრძელდებოდა, თუმცა სარდინიელებმა ფეხბურთელის იჯარით გაშვება არ მოისურვეს და მის სანაცვლოდ 36 მილიონის გადახდას ითხოვენ.

ნანდესი კოპა ამერიკის შემდეგ იტალიაში დაბრუნდა, თუმცა კალიარისთან ერთად ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

მან ინსტაგრამის მეშვეობით წერილი გამოაქვეყნა:

„ბოლო დღეებში ჩემს სიტუაციაზე ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა. მე ჩემს თანაგუნდელებს ამ თემაზე უკვე ვესაუბრე და თითოეულმა მათგანმა ჩემი პოზიცია მიიღო.

„მე კალიარის მიმართ ძალიან დიდი სიყვარული მაქვს, თქვენ მე ძალიან თბილად მიმიღეთ და ყოველთვის გვერდში მედექით, რის გამოც ყოველთვის მადლიერი ვიქნები.

„სწორედ ამიტომ ვწერ ამ წერილს, რომ კალიარის ქომაგებს სიტუაცია ავუხსნა, მაგრამ მე სხვა გზა არ მაქვს.

„მე გუნდის ხელმძღვანელობამ მომცა სიტყვა და მინდა, რომ მათ ის შეასრულონ. ეს დაპირისპირება არავისთვის კარგის მომტანი არ არის და მედიის მეშვეობით სპეკულაცია უნდა დასრულდეს.

„მე კალიარის ღირსებას ყოველთვის ბოლომდე ვიცავდი და ამას უდიდესი სიამაყით ვაკეთებდი. ჩემთვის ძალიან რთული წელი იყო და ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქომაგების და თანაგუნდელების წინაშე მართალი ვიყო.

„ნაიტანი.“