Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნედვედი:“ რონალდუს წასვლის გამო ჩვენ ქულები დავკარგეთ“

პაველ ნედვედმა ლაციოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და მიანიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუს გუნდიდან გვიანმა წასვლამ იუვენტუსს გარკვეული ქულები დააკარგვინა.

„რამ გამოიწვია ჩვენი ცუდი სტარტი ? სეზონი ახალი დაწყებულია და ჯერჯერობით ამ თემაზე საუბარი ადრეა, თუმცა ვფიქრობ, რომ კრიშტიანუ რონალდუს წასვლამ მაშინ, როდესაც სეზონი უკვე დაწყებული იყო, გუნდს გარკვეული შოკი მოუტანა და ქულები დააკარგვინა. მისი დონის ფეხბურთელის წასვლა ნებისმიერ გუნდს დაასუსტებდა.

„ახლა ალეგრი ნელ-ნელა გუნდს აბრუნებს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე სიტუაცია გამოსწორდება.

„ჩვენი მიზანი ? ჩვენ ყველა ტურნირზე მაქსიმალურად კარგი შედეგის დადება გვსურს, ეს როგორც ჩემპიონთა ლიგასა და სერია ა-ს, ასევე კოპა იტალიას და სუპერკოპას ეხება.“

ალეგრიმ მიმდინარე სეზონში სერია ა-ში 13 სხვადასხვა სასტარტო შემადგენლობა გამოიყენა.

„ჩვენ აქ ყოველთვის ვცდილობთ, რომ სრულყოფილებას მივაღწიოთ, რაც მარტივი არ არის. იუვენტუსი იმისთვის არის შექმნილი, რომ გაიმარჯვოს. ჩვენ  ახალგაზრდა ფეხბურთელების გაფორმებას, საერთო ასაკის შემცირებას ვცდილობთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ პროცესში გამარჯვება არ გვსურს, გამარჯვება იუვესთვის როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში უმნიშვნელოვანესია.“