Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: რომელუ ლუკაკუ ჩელსის ფეხბურთელია

ინტერში გატარებული 2 სეზონის და მოპოვებული სკუდეტოს შემდეგ, გასული წლის სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი კარიერას ჩელსიში გააგრძელებს.

28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელმაც ინტერის რიგებში ჩატარებულ 95 მატჩში 64 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა მიითვალა, ნერაძური 115 მილიონ ევროს მიიღებს, რაც სერია ა-ს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.

„მე უბედნიერესი ვარ, რომ ამ შესანიშნავ გუნდში დაბრუნების შანსი მომეცა. ეს ჩემთვის გრძელი გზა იყო, პირველად მე ჩელსის რიგებში ძალიან ახალგაზრდა მოვედი, ახლა კი უფრო გამოცდილი და დაღვინებული ვარ.

„ამ გუნდთან ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა მაკავშირებდა და ეს ყველამ იცის. მე ბავშვობიდან ჩელსის ქომაგი ვიყავი და ლურჯებთან ერთად ტიტულისთვის ბრძოლა ჩემთვის უდიდესი პატივი იქნება.

„გუნდს ამბიციური პროექტი აქვს, რომელიც მე შემეფერება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად ბევრი წარმატება გველოდება.

„ჩელსიდან წასვლის შემდეგ, მე ბევრი კარგი და ცუდი მომენტი გამოვიარე, მაგრამ ეს თავგადასავლები დამეხმარნენ მივსულიყავი იმ დონეზე, რომელზეც ახლა ვარ. ერთი სული მაქვს, თუ როდის მომეცემა ჩელსის მაისურით მოედანზე გასვლის საშუალება.“ – განაცხადა რომელუ ლუკაკუმ.